ახალი ამბები

პრემიერი: გარდაცვლილი პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების კომპენსაცია გათანაბრდება

8 აპრილი, 2015 •
პრემიერი: გარდაცვლილი პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების კომპენსაცია გათანაბრდება

„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეიტყვეს, რომ მზად არის კანონპროექტი, რომლითაც ჩვენ გვსურს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და კრიმინალთან ბრძოლაში დაღუპული პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების კომპენსაცია გავათანაბროთ. ნუ ეცდებიან ფარისევლები, მიიწერონ ის, რაც არ გაუკეთებიათ არასოდეს. მათ შეეძლოთ, 9 წლის განმავლობაში ეს გაეკეთებინათ, თუმცა არ გააკეთეს და ჩვენს გაკეთებულს ნუ მიიწერენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედროების ოჯახებისთვის ერთჯერადად 100 ათასლარიანი კომპენსაციის დაწესება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო.

 

პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ შეღავათებზე, რომლებითაც პოლიციელები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სარგებლობენ.

 

„მნიშვნელოვნად გავზარდეთ სოციალური დახმარება. თანამშრომლები იღებენ კომპენსაციას დაქორწინების, შვილის შეძენის და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, რისთვისაც 2013-2014 წლებში 7 700 000 ლარი გამოვყავით. პოლიციელების და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო მკურნალობის ხარჯები პრაქტიკულად გაორმაგდა; ვუფინანსებთ საზღვარგარეთ მკურნალობას, რისთვისაც ბოლო ორი წლის განმავლობაში 6 200 000 ლარი დაიხარჯა. იქამდე ამის ნახევარიც არ იყო. პატრულ-ინსპექტორებს და მესაზღვრეებს ხელფასები გაეზარდათ, დახმარებას იღებენ მრავალშვილიანი პოლიციელები – 4 შვილის შემთხვევაში – 250 ლარს, 5 და მეტი შვილის შემთხვევაში შესაბამისად – 375 და 500 ლარს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს პოლიციელი ბექა მარგიშვილი, ხოლო მისი მეწყვილე მძიმედ დაჭრეს. გამოძიების ცნობით, მარგიშვილის მკვლელობა ჩაიდინა შალვა აბულაძემ, რომელიც ასევე  ბრალდებულია რამდენიმე თვის წინ ბორჯომში პოლიციელის მკვლელობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი