ახალი ამბები

ენმ-ის წევრი ამბობს, რომ ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურიდან პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს

18 ოქტომბერი, 2019 •
ენმ-ის წევრი ამბობს, რომ ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურიდან პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მაია კალანდია საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე წერს, რომ რუხში დაგეგმილი ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურიდან პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს.

“ხაჭაპურის ფესტივალის ჟიურიდან რომ ჩაგხსნიან პოლიტიკური მოტივით, ევროპას კი არა, მარსსაც აკვირვებ ბიძინიბიძია”, – წერს მაია კალანდია სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ საკითხზე Livepress სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის პროექტების მენეჯერ ედუარდ ფარცვანიას დაუკავშირდა. როგორც გამოცემა წერს, ფარცვანიამ პოლიტიკურ მოტივი გამორიცხა.

გამოცემა წერს, რომ ფარცვანიას თქმით, ჟიურის წევრების განაწილებაზე დამოუკიდებლად იზრუნა იმ ივენთ კომპანიამ, რომელიც ტერიტორიის მოწყობასა და სტუმრების მოწვევაში ეხმარებათ.

“ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება ეს ყველაფერი. პოლიტიკური მოტივი ტურიზმთან, მით უმეტეს, გასტრონომიულ ფესტივალთან ცოტა შორს არის”, – აღნიშნა ედუარდ ფარცვანიამ Livepress-თან.

როგორც გამოცემა წერს, 19 ოქტომბერს რუხი ხაჭაპურის ფესტივალს უმასპინძლებს. აქ შესაძლებელი იქნება ყველა სახეობის ხაჭაპურის დაგემოვნება. სტუმრები ასევე დააკვირდებიან ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასს.

ფესტივალი ერთდღიანი გასტრონომიული ღონისძიებაა, რომელიც იმართება სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ორგანიზებით და პროექტ “ზრდას”, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და რეგიონული ხელისუფლების მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი