ღონისძიების ფარგლებში, მზიურის ბაღში, 12-დან 16- საათამდე ღია ცის ქვეშ მოწყობილ სივრცეში ჯანსაღი ხილისა და ბოსტნეულის დეგუსტაცია მოეწყობა.
სურსათის უვნებლობის საკითხის აქტუალიზაციისა და მოსახლეობაში ინფორმაციის დონის გაზრდის მიზნით, სააგენტო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მშობლებს ბავშვებთან ერთად და დაწყებითი სასწავლო დაწესებულებების მასწავლებლებს იწვევს.
“მოსული სტუმრები ბავშვებთან ერთად ჩაერთვებიან სხვადასხვა საინტერესო, ინფორმაციულ და სახალისო აქტივობაში. დიდებისა და პატარების გართობაზე მთელი დღის განმავლობაში დღის წამყვანი, ქუჩის თეატრის მსახიობები, ყველასათვის საყვარელი ზღაპრის გმირები და ოჩოფეხებიანი ანიმატორები იზრუნებენ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარომადგენლებისგან კი უფროსები საკვების უსაფრთხოებასა და სწორად შენახვასთან დაკავშირებით კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს მიიღებენ”, – წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ღონისძიებას ასევე საჯარო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
„ჯანმრთელობის მსოფლიო დღე“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WHO) 1950 წლიდან აღინიშნება.
ჯანდაცვით საკითხებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილების მიზნით, ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს გზავნილს გლობალური ჯანდაცვის თემაზე. ღონისძიებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5 ძირითადი მესიჯი აქვს: (1) დაიცავით სისუფთავე; (2) განაცალკევეთ უმი და მომზადებული საკვები; (3) მოამზადეთ საკვები საფუძვლიანად; (4) შეინახეთ საკვები უსაფრთხოდ; (5) გამოიყენეთ უვნებელი წყალი და სასურსათო ნედლეული.