ახალი ამბები

“საქართველოს უნივერსიტეტის” თანამფლობელი “მთავარი არხის” წილის ყიდვაზე

18 ოქტომბერი, 2019 •
“საქართველოს უნივერსიტეტის” თანამფლობელი “მთავარი არხის” წილის ყიდვაზე

“საქართველოს უნივერსიტეტის” 50 პროცენტიანი წილის მფლობელი მანანა სანაძე ამბობს, “მთავარი არხის” წილის შეძენა უნივერსიტეტის სტუდენტებს და თანამშრომლებს მეტ შესაძლებლობას გაუჩენს:

“მემგონი ყველა უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს მსგავსი ინტერესი. ჩვენი გვაქვს ჟურნალისტიკის და მასკომუნიკაციების პროგრამა და ჩვენი სტუდენტების სტაჟირებისთვის, დასაქმებისთვის რატომაც არა.  ასევე პროფესორებმა სხვადასხვა მიმართულებაზე ეკონომიკის იქნება ისტორიის თუ სხვა, თუ არხს ექნება ამ ტიპის გადაცემები შეიძლება შეიტანონ თავისი წვლილი იდეოლოგიურად, სხვადასხვა კონცეფციის წამოყენებაში, სასწავლო პროგრამების გაკეთებაში და ა.შ.

2 პროცენტი რამდენად იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით გარკვეული გავლენა ვიქონიოთ ტელევიზიის მუშაობაზე, რა გითხრათ” – ამბობს სანაძე “ნეტგაზეთთან”.

“საქართველოს უნივერსიტეტის” ერთ-ერთი მფლობელი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ არ გამორიცხავენ ამ ან სხვა ტელევიზიის მეტი ოდენობის წილების შესყიდვას:

“ჩვენ უბრალოდ მეტი ვერ შევიძინეთ, თორემ სიამოვნებით. სხვა ტელევიზიასაც რომ გაეყიდა თავისი წილები იქაც შეიძლებოდა გვეფიქრა შეძენა. ამაზე მეტი ვერ შევძელით, რომ გვქონოდა 10-15 პოცენტის ყიდვის შესაძლებლობა მასაც შევიძენდით და არამხოლოდ ამ არხის” – ამბობს სანაძე.


საქართველოს უნივერსიტეტმა ტელეკომპანია მთავარი არხის წილის 2% შეიძინა და კომპანიის საწესდებო კაპიტალში 200 000 დოლარს შეიტანს.

“მთავარი არხის” წილი საქართველოს უნივერსიტეტმა კახა ანჯაფარიძისგან იყიდა 2000 ლარის სანაცვლოდ.

ამჟამად “მთავარი არხის” საკონტროლო პაკეტს, 51%-ს ნიკა გვარამია ფლობს, კახა ანჯაფარიძე – 42%-ს, საქართველოს უნივერსიტეტი – 2%-ს, გარდაცვლილი ნიკა რურუას შვილი, მარი ანა რურუა- 2.5%-ს, ხოლო ნიკა რურუას ძმა, ბიზნესმენი გიორგი რურუა – 2.5%-ს.

შ.პ.ს საქართველოს უნივერსიტეტის წილები შემდეგნაირად ნაწილდება: 12.5%- ნიკოლოზ ალასანია, 37.5%- გიული ალასანია (მიხეილ სააკაშვილის დედა), 50%-ს კი- მანანა სანაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი