ახალი ამბები

უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასები უცხოეთსა და საქართველოში [ინფოგრაფიკა]

6 აპრილი, 2015 •
უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასები უცხოეთსა და საქართველოში [ინფოგრაფიკა]

კვლევაში ვერ მოხვდა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერების, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის თანამდებობრივი შემოსავლები. ის ლიდერები, რომელთა თანამდეობრივი შემოსავლები კვლევაშია მოცემული, “სტატისტამ” საკუთარი ინტერესით შეარჩია. თუმცა ცნობილია საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ყოველთვიური ხელფასები, რაც ნეტგაზეთმა წლიურად დააჯამა.

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ხელზე ასაღები ხელფასი თვეში 6900 ლარია, რაც წელიწადში 82 800 ლარი გამოდის, ანუ დოლარის დღევანდელი გაცვლითი ოფიციალური კურსით 36 800 დოლარი.

 

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ცნობილია, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრის თანამდებობრივი სარგო სახელფასო დანამატთან ერთად, ჯამში, [ხელზე ასაღები] 5000 ლარია. ახალი ხელისუფლების პირობებში მინისტრების ხელფასის ოდენობა რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ ხელზე ასაღებ 5000 ლარად დარეგულირდა, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის დროიდან მოყოლებული არ შეცვლილა პრემიერის ხელფასი. მთავრობის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ პრემიერი ყოველთვიურად თანამდეობრივი ანაზღაურების სახით რიგით მინისტრზე ნაკლებს იღებს: “სულ, ჯამში, ერიცხება 4250 ლარი, საიდანაც ხელზე 3400 ლარს იღებს და 500 ლარს სოლიდარობის ფონდში რიცხავს”, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში. იმ თანხის ჩათვლით, რასაც ღარიბაშილი, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სოლიდარობის ფონდში რიცხავს, წელიწადში ღარიბაშილის ხელფასი 40 800 ლარი, ანუ ოფიციალური გაცვლითი კურსით 18 133 დოლარი გამოდის. ნეტგაზეთმა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება სცადა. ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 31 დეკემბერს აქვს შევსებული, სადაც 2013 წლის შემოსავლები აქვს ასახული. დეკლარაციის მიხედვით, 2013 წელს ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის რანგში სულ 5869.05 ლარი აიღო. 2013 წელს პრემიერად მუშაობა 41 დღის განმავლობაში მოასწრო: 20 ნოემბრიდან – 31 დეკემბრამდე. ღარიბაშვილს დღევანდელზე გაცილებით მეტი შემოსავალი ჰქონდა, როდესაც შს მინისტრად მუშაობდა. 2013 წლის 1 იანვრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე მან 77946.62 ლარი გამოიმუშავა.  

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი მკვეთრად ჩამორჩება აზერბაიჯანის უმაღლესი თანამდებობის პირის ანაზრაურებას. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხელფასის სახით წლიურად  228 ათასი დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი – 33 535 დოლარს.


სინგაპურის პრემიერი ლი სიან ლუნი ერთი წლის განმავლობაში 1 700 000 აშშ დოლარის ოდენობის ხელფასს იღებს. აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას წლიური თანამდებობრივი შემოსავალი 700 ათასი დოლარია, კანადის პრემიერის სტეფან ჰარპერის – 260 000 დოლარი, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის – 234 400 დოლარი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ იაკობ ზუმას – 223 500 დოლარის ხელფასი აქვს მიღებული, დევიდ კემერონს 214 800 დოლარი, იაპონიის პრემიერ შინზო აბეს – 202 700 დოლარი, ფრანსუა ჰოლანდს – 194 300 დოლარი, ვლადიმირ პუტინს 136 000 დოლარი, იტალიის პრემიერ მატეო რენზის – 124 600 დოლარი, ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდის – 30 300, ჩინეთის ლიდერ სი ცზინპინს – 22 000 დოლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი