პრემიერი დღეს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც დაჭრილი პოლიციელი, ვალერიან გრძელიშვილი მოინახულა.
„დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა ექიმებს, რომ 6-საათიანი ოპერაციის შემდეგ შესძლეს მისი გადარჩენა და იმედი მაქვს, სტაბილურად წარიმართება მკურნალობა,“–განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილი პოლიციელის გამო და ძალოვან სტრუქტურებს კრიმინალთა ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა.
„მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციელის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მამის გმირობაზე ოცნებობდა. ეს არის ტრაგედია ჩვენთვის და მინდა გულით მივუსამძიმრო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა თანამშრომელს ღირსეული პოლიციელის დაკარგვის გამო. რაც შეეხება ფაქტის შეფასებას, ეს არის ყოვლად ამაზრზენი, სიტყვები არ მყოფნის ამ არაადამიანური ქმედების შესაფასებლად. კრიმინალმა ჯერ ბორჯომში მოკლა ერთი პოლიციელი, ახლა მეორე. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება და მასზე ხელის აღმართვა”.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავის დაკავება დროულად მოხდება.





