ახალი ამბები

რუსეთი ჟენევის პროტოკოლიდან გასვლას აპირებს | რას ნიშნავს ეს?

18 ოქტომბერი, 2019 •
რუსეთი ჟენევის პროტოკოლიდან გასვლას აპირებს | რას ნიშნავს ეს?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი, რომლითაც რუსეთი ჟენევის პროტოკოლიდან გადის, — იუწყება „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი სამსახური.

რადიოს ცნობით, ამ საერთაშორისო კონვენციის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი ომში დაპირისპირებულ მხარეებს ავალდებულებს, გაარჩიონ ერთმანეთისგან მშვიდობიანი მოსახლეობა და კონფლიქტის უშუალო მონაწილეები. ამასთან, ეს კონვენცია ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლების მიმართ მოპყრობაზე აწესებს სტანდარტებს.

კანონპროექტის თანახმად, რუსეთი აღარ აღიარებს ჟენევის კონვენციის კომპეტენციას, რადგან „მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საერთაშორისო ვითარების რისკები“ და არსებობს „არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოების მიერ კომისიის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკი პოლიტიკური მიზნებისთვის“.

გამოცემა „Znak“-ის თანახმად, საუბარია ჟენევის მეოთხე კონვენციაზე, რომელიც 1949 წელს არის მიღებული. ამ კონვენციის ხელმომწერები გარკვეულ ვალდებულებებს იღებენ როგორც უშუალოდ ომის დროს, ასევე, შეიარაღებული დაპირისპირებისას, როდესაც ომი გამოცხადებული არ არის, და სხვა ქვეყნის ოკუპაციის შემთხვევაში.

კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება კონვენციის 47-ე და 48-ე მუხლები, რომლებიც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელ ძალას არსებით ვალდებულებებს აკისრებს. მაგალითად, პროტოკოლით, ოკუპანტ ძალას არ აქვს უფლება, ძალისმიერად მოახდინოს პროტოკოლით დაცული მოსახლეობის დეპორტირება, ან საკუთარი მოსახლეობა ჩაასახლოს ამ ტერიტორიაზე და ა.შ.

გარეკანის ფოტო: რადიო თავისუფლებია/ტასს/კრემლი

მასალების გადაბეჭდვის წესი