გამოქვეყნდა თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია. ეს 2015 წლის შემდეგ მისი პირველი დეკლრაციაა, რადგან 4 წლის განმავლობაში ღარიბაშვილი კერძო სექტორში მუშაობდა.
ახალი დეკლრაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა ნუნუ თამაზაშვილმა 2019 წელს ბაკურიანში 1530 კვ.მ მიწის ნაკვეთი 76 500 აშშ დოლარად იყიდა. უკვე თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში ასევე მოხვდა 2018-2019 წლებში მისი და მისი ცოლის ნაყიდი ორი ავტომობილიც: 2018 წლის RANGE ROVER VELAR და 2019 წლის აუდი 8, რომლებშიც მათ, ჯამში, 121 620 ევრო გადაიხადეს.
დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი 50 000 ლარს ნაღდ ფულად ინახავს.
2018 წელს ღარიბაშვილმა ჩინური კომპანია ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფისგან ანაზღაურების სახით 169 926 ლარი მიიღო, რაც თვეში 14 ათას ლარს აჭარბებს. ღარიბაშვილი კომპანიაში სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოსტს იკავებდა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას, ღარიბაშვილსა და მის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს მიმდინარე ანგარიშები თუ საკრედიტო ბარათები ძირითადად ქართუ ბანკში აქვთ. სწორედ ქართუს მიმდინარე ანგარიშზე ინახავს 40 406 ლარს ირაკლი ღარიბაშვილი.
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ავტომობილის საყიდლად ნუნუ თამაზაშვილმა “ქართუსგან” ოთხწლიანი სესხი, 42 021 აშშ დოლარი მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წელს მიწის ნაკვეთის საყიდლადაც “ქართუდან” აიღო სესხი 137 120 ლარის ოდენობით.