ახალი ამბები

“ანბანის კოშკი” 1 ლარად

4 აპრილი, 2015 •
“ანბანის კოშკი” 1 ლარად

შენობა, სავარაუდოდ, 20 წლით გასხვისდება. შესაბამის მემორანდუმს [მხარეთა განზრახულობის შესახებ] აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა და ესპანური კომპანიის boost spain L.S-ის წარმომადგენელმა ხელი უკვე მოაწერეს.

 

როგორც ბათუმის მერიაში და აჭარის მთავრობაში განაცხადეს, კომპანია ორი თვის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას – ან აიღებს ობიექტს სარგებლობაში, ან არა. კომპანიის თანხმობის შემთხვევაში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და დეტალებიც, რა ფუნქცია ექნება ობიექტს და რა იქნება საინვესტიციო პირობები – შემდეგ დაკონკრეტდება.

 

 „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ანბანის კოშკი“, სავარაუდოდ, ძირითადად გასართობი ცენტრი იქნება და კომპანიას უფლება ექნება გახსნას კაფე-ბარი, რესტორანი, კაზინო.

 

ამ ეტაპზე კი საუბარია „ანბანის კოშკის“  საიჯარო თანხა განისაზღვროს სიმბოლურად – 1 ლარი, თუმცა მოსარგებლე ვალდებული იქნება უზრუნველყოს შენობის რეაბილიტაცია, მოვლა, შენახვა, განათება, მოაწყოს ადგილი, საიდანაც ადამიანებს საშუალება ექნებათ გადმოხედონ ქალაქს და ა. შ.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ვიზუალური დათვალიერებით შენობის რეაბილიტაციას 2 მილიონი დოლარი უკვე სჭირდება [გასამაგრებელია ანბანის ასოები,  ლიფტის შეკეთებას 900 ათასი ევრო სჭირდება და სხვ.]

 

ბათუმში მდებარე „ანბანის კოშკის“ მშენებლობისათვის თავის დროზე 64 მილიონი ლარი დაიხარჯა. ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგო კაბოს მიერ დაპროექტებული შენობა ბათუმში 2011 წელს აიგო. კოშკი დღემდე უფუნქციოდაა.

 

ანბანის კოშკი
ანბანის კოშკი

მასალების გადაბეჭდვის წესი