“ჩვენი მთავრობის საქმიანობას თუ გადახედავთ, არც ერთი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩავერიეთ. მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი. მაინტერესებს, რატომ მოხდა გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ლოგიკური შეკითხვა, ვინაიდან საფრთხის წინაშე დგას დღეს 2500 ადამიანი, 2500 ოჯახი. მე, როგორც ქვეყნის პრემიერ–მინისტრს, უნდა მაწუხებდეს ეს და სწორედ ჩემი წუხილი გამოვხატე. ძალიან გთხოვთ, მე ყველას მოვუწოდებ, არასამთავრობოებებს, მით უმეტეს, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველას და მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საკითხი არასწორად იქნა გაგებული. ისე არ არის, რომ მე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვთხოვე, რომ ჩაერიოს, მე ძალიან კარგად ვიცი, როგორც ხდება. არსებობს დისციპლინარული კომისია, არსებობს სხვა საშუალებები, რომლითაც ხდება მსგავსი საკითხების გარკვევა, თუ რატომ მოხდა უსამართლო გადაწყვეტილების მიღება. ეს ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის გონებაში ბადებს ძალიან ლოგიკურ შეკითხვებს და ეჭვებს, რომ ამის უკან ხომ არ დგას კორუფციული ინტერესი. მით უმეტეს, როდესაც კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნულ დავალიანებას, 4 500 ლარს გადაიხდის და ამას მოსამართლე არ იზიარებს– ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ მე მაქვს სერიოზული ეჭვები და კითხვები”,–განაცხადა ღარიბაშვილმა.
რუსთავის მეტალურგიულმა ქარხნის განცხადებით, 2015 წლის 24 თებერვალს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, ეთერ მთვრალაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც კომპანიისგან 4,553 ლარი და 48 თეთრი აქვს მისაღები, კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების გამოყენება აკრძალა. კომპანიის განმარტებით, მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა აკრძალა „რუსთავის ფოლადის“ ათეულობით მილიონის ღირებულების უძრავ–მოძრავი ქონების გამოყენება. მათ შორის, წიდასაყარი, რომელზე წვდომის გარეშეც მეტალურგიული ქარხნის მუშაობა უკიდურესად იზღუდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლში ბიზნესმენებთან შეხვედრისას რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დახურვა დივერსიულ გადაწყვეტილებად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ამ საქმით აუცილებლად დაინტერესდებოდა.
პრემიერ–მინისტრის აღნიშნულ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები ნაწილი გამოეხმაურა და მას მოუწოდეს, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას. პრემიერ–მინისტრის საპასუხოდ განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემაც გაავრცელა.