უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 364 მუხლის პირველი ნაწილის (ძალაუფლების ან სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) დარღვევის ბრალდებით საქმე აღძრა.
გამოძიება დაიწყო უკრაინის პარლამენტის ფრაქცია “ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას მოთხოვნით და უკავშირდება ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, ლუცენკო არალეგალური კაზინოების ქსელის აქციონერი იყო- წერს სააგენტო “უნიანი“.
აქამდე, ამავე ბრალდებით ლუცენკოს წინააღმდეგ საქმე უკრაინის გამოძიების ეროვნულმა ბიურომაც აღძრა.
“გამოიძიონ! ეს არაა პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც იური ლუცენკო ფიგურირებს“ ,– განაცხადა ლუცენკოს პრესსპიკერმა ლარისა სარგანმა.
“ჩემმა ადვოკატმა ერთი თვის წინ შესთავაზა არახამიას, რომ უარყოს აშკარა სიცრუე, მაგრამ ცხადია, რომ ბატონმა არახამიამ ჩემი შეშინება გადაწყვიტა. მზად ვარ. ასეთებს შევუშინებივარ? უბრალოდ შევახსენებ, რომ არსებობს პასუხისმგებლობა კანონის დარღვევის შესახებ აშკარად მცდარ ინფორმაციაზე“, – განაცხადა თავად ლუცენკომ.
2017 წელს ანტიკორუფციულმა ბიურომ უკვე აღძრა საქმე ლუცენკოს წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის მიღების ბრალდებით.