“ეს არის ტყუილი და ძალიან ვწუხვარ, რომ სახელმწიფოებრივი საკითხებით ხდება სპეკულირება, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ვნერგავთ საერთაშორისო სტანდარტებს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კორუფციული ბრალდების მუხლი წაუყენეს და მისცეს პასუხისგებაში. ჩვენს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ არავის დავაყენებთ კანონზე მაღლა. არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს პრივილეგირებული – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, სამინისტროს თანამშრომელი, ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი და მიდგომა”, – ამბობს ღარიბაშვილი.
საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს, 3 აპრილს განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს უარი საქართველოს საჰაერო თავდაცვით შეიარაღებაზე.
მისივე თქმით, დეტალურად ვერ ისაუბრებს 2014 წლის 28 ოქტომბერს საფრანგეთთან მის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის შესახებ, რომელსაც ექვსი თვის ვადაში უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 6 თვე გავიდა და ეს შანსი ქვეყანამ ხელიდან გაუშვა. მან დღეს ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ბენეფიტებს მიიღებდა ქვეყანა, თუკი ეს ხელშეკრულება გაფორმდებოდა.
ალასანიას თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” მიმართავენ პარლამენტს, რომ დროებითი კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის, თუ რა პირობებში, როგორ დაიდო მემორანდუმი და რა დააკლდა ქვეყანას, რომ არ გაფორმდა შეთანხმება ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.