ჩვენი მონაცემებით გავრილოვი [აფხაზეთის] ომში არ მონაწილეობდა, – ამის შესახებ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
“ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა RTVI-ის ეთერში თავად აღიარა, რომ აფხაზეთის ომში “ქრისტიანებს ეხმარებოდა”. გრიგოლ ლილუაშვილმა კი თქვა, რომ სუსი მოქმედებს არა ვერბალური გამონათქვამების მიხედვით, არამედ- სამართლებრივად.
“ბატონი კაკოც [ბობოხიძე] ამ ტრიბუნიდან ისეთ რაღაცებს ამბობდა, რომ შეიძლება, სხვადასხვა ქვეყანაში არ შეუშვან. ჩვენ არშემოშვების პოლიტიკას ვაწარმოებთ მკაცრად სამართლებრივ საწყისებზე, რომ თითოეულის უკან არ იდგეს თითიდან გამოწოვილი ფობიები. ვიღაცა ვიღაცას ხოცავდა აფხაზეთში, იმათ სისხლს სვამდა, ამათ სისხლს სვამდა – მახსოვს ეს განცხადებები თქვენი კოლეგებისგან. შეიძლება მსგავსად თავი მოიწონა ვიღაცამ, უბრალოდ, მიკროფონთან სალაპარაკოდ-თქო… გავრილოვს ვგულისხმობ, არა თქვენს კოლეგებს. RTVI-ის ჟურნალისტს უთხრაო და შეიძლება კეკლუცობდა ის კაცი მიკროფონთან, რომ რაღაც დავალებებს ასრულებდა. ჩვენი მონაცემებით, ომში არ მონაწილეობდა”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილის თქმით, ოკუპანტი საქართველოშიც ოკუპანტია და მის საზღვრებს გარეთაც და ამ კონტექსტში “ევროპული საქართველოს” შეახსენა, რომ მისი წარმომადგენლები საზღვარგარეთ გავრილოვთან ერთად გადაღებულ ფოტოებში მეგობრულ გარემოში არიან აღბეჭდილი. სავარაუდოდ, იგულისხმა გიგი წერეთელი, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში შეხვდა.
ლილუაშვილის თქმით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა არის საერთაშორისო ფორმატი, რომელში მონაწილეობა/არმონაწილეობის საკითხს პოლიტიკოსები უნდა წყვეტდნენ.
“აღნიშნული ვიზიტის განხორციელების თაობაზე საქმის კურსში იყო ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის, პარლამენტში წარმოდგენილიც. თუ რამე განცხადების გაკეთება და საფრთხეებზე ანთება ვინმეს უნდოდა, ბატონი გავრილოვი სანამ ჩაჯდებოდა სავარძელში, მანამდე უნდა ამოგვეღო ხმა”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
საპასუხოდ გიორგი კანდელაკმა მას შეახსენა, რომ ასამბლეის გამართვამდე ერთი კვირით ადრე პირადად გამართა ორი ბრიფინგი და ხელისუფლება გააფრთხილა, სერგეი გავრილოვი და რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში არ შემოეშვა.