„სინათლის ქალაქის“ დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, კომპანია „Philips“-ის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში საპილოტე პროექტი განეხორციელებინათ და მათ მიერ წარმოებული სანათები საცდელი ვადით დაემონტაჟებინათ:
„ადგილი, თუ სად დამონტაჟდებოდა სანათები, მათ თავად აირჩიეს და აეროპორტის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 დიოდური სანათი დამონტაჟდა. დღეიდან სპეციალისტები მათ ეფექტურობას დააკვირდებიან და შესაბამის დასკვნას წარმოადგენენ,“ – განაცხადა ვასილ ხორავამ.
მიმდინარე წლის მარტში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოიწონეს თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც თბილისის 100 000 სანათის დიოდური სანათებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. თბილისის მერიის ცნობით, დიოდური სანათები ელექტროენერგიის 60–70%-იან ეკონომიას გასწევს.
50 დიოდური სანათი უკვე დამონტაჟებულია ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე და სკვერში, ასევე, ბარათაშვილის ხიდზე. საპილოტე პროექტები „სინათლის ქალაქმა“ პოლონურ კომპანიებთან, „ბიო სულოშენ“ და „ევოლუცია პოლანდ“ ერთობლივად განახორციელა.




