ახალი ამბები

მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ანაკლიის პროექტი ჩავარდნილიყო – უგულავა

15 ოქტომბერი, 2019 • 1082
მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ანაკლიის პროექტი ჩავარდნილიყო – უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდნილიყო.

უგულავას თქმით, პროკურატურის მიერ კონსორციუმის დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნით მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტებს მიანიშნა, რომ ანაკლიის პროექტში ფული არ უნდა ჩაედოთ.

“ივანიშვილმა და მთავრობამ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პროექტი ჩავარდნილიყო. ამიტომ დღევანდელი მოვლენები ლოგიკური დასრულებაა იმ გეგმის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ხორციელდებოდა, ანუ ამ პროექტის ჩაგდება.

ეს პროექტი ივანიშვილმა ჩასაძირად გაწირა იმიტომ, რომ ხაზარაძის მიმართ ბოღმა კლავდა. თუ ის პოლიტიკურ კონკურენტად მიაჩნია ან სხვა რამის გამო, ეს შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ.  სტრატეგიულად ეს არის რუსეთისთვის კოჭის გაგორება, პერსონალურ დონეზე კი, ხაზარაძის მიუღებლობა. შესაბამისად, არის რუსული, პერსონალური ფაქტორი და ამ ყველაფერმა ეს შედეგი მოგვცა. ვისაც კი ინვესტორებთან უმუშავია, იცის, რომ საქართველოს მსგავს ქვეყნებში არავინ ჩადებს ფულს ისეთ პარტნიორებთან ერთად, რომლებსაც მთავრობა ებრძვის”, – ამბობს უგულავა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მისი აზრით, რა ბედი ელის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, თუ სახელმწიფო კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, გიგი უგულავა პასუხობს, რომ “განჭვრეტად მომავალში” ეს პროექტი არ დასრულდება და ამაზე პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და საქართველოს მოქმედ მთავრობას ეკისრება. მისივე თქმით, დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით ამ პორტის აშენება, რადგან ასეთ, კერძო სექტორისთვის მიმზიდველ პროექტებზე სახელმწიფომ ფული არ უნდა დახარჯოს:

“ყველაზე დიდი ალბათობით ეს პროექტი გაჩერდება, გაიყინება. ამასთან, შეიქმნება იმიტაცია, თითქოს ინვესტორს ეძებენ, ანუ “მიმდინარეობს გამოძიებასავით”. არ მჯერა, რომ ივანიშვილი პორტის მშენებლობაში საკუთარ ფულს ჩადებს. მეტსაც გეტყვით, სანამ ის ხელისუფლებაში იქნება, ეს პროექტი არ დასრულდება.”

დღეს, 15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის საკუთარი კაპიტალის შევსების დამადასტურებელ დოკუმენტაცია და სასესხო ვალდებულდებების შესახებ პირველადი საბუთები უნდა წარედგინა.

საინვესტიციო ხელშეკრულებით საკუთარი კაპიტალი, რაც კონსორციუმმა პარტნიორების მეშვეობით უნდა წარუდგინოს მთავრობას, დაახლოებით 120 მლნ დოლარია. რაც შეეხება სესხს, უკვე რამდენიმე თვეა, კონსორციუმი ოთხ საფინანსო ინსტიტუტთან დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

კონსორციუმის დირექტორს, ლევან ახლვედიანის თქმით, კონსორციუმმა მთავრობას წარუდგინა წერილი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი პორტის პროქტისთვის საჭირო მომავალი ნაბიჯები. ამ წერილის გარდა კი, დღეს მთავრობისთვის სხვა დოკუმენტაციის წარდგენას არ აპირებენ. კონსორციუმი მთავრობას პროექტის საბოტაჟირებაში ადანაშაულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი