ახალი ამბები

ხიდაშელი: ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა Elbit Systems-ის ქართულ ბაზარზე დაბრუნება

2 აპრილი, 2015 •
ხიდაშელი: ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა Elbit Systems-ის ქართულ ბაზარზე დაბრუნება

“ეს გახლავთ Elbit Systems. ეს ის კომპანიაა, რომელიც 2007-08 წლებში იყო დაკავშირებული საქართველოსთან, სამხედრო აღჭურვილობას აწვდიდა ჩვენს წინა ხელისუფლებას, მაგრამ შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო იძულებული გახდნენ ქვეყნიდან წასულიყვნენ. უჩივლეს მაშინ ქართულ სახელმწიფოს საერთაშორისო სასამართლოში. სწორედ თქვენი ინვესტიციების და ინვესტორების მხარდამჭერი, წამახალისებელი, მეგობრული განწყობების საუკეთესო დემონსტრირება იყო, რომ მაშინ 35 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია საქართველოს ბიუჯეტს ამ კომპანიისთვის 2011 წელს იმისათვის, რომ ეს დავა მორიგებით დასრულებულიყო. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა მათი უკან შემობრუნება ქართულ ბაზარზე და გუშინ უკვე მოეწერა ხელი პირველ შეთანხმებას, ერთი თვის ვადაში საბოლოო დოკუმენტები გამზადდება და ძალიან მალე დაიწყება მშენებლობა.

 

კომპანია 300-მდე ადამიანს დაასაქმებს. საუბარია დასაწყისში დაახლოებით 85-მილიონიან ინვესტიციაზე, სერიოზული პროექტია მისი არსიდან გამომდინარეც, ვინაიდან ის საავიაციო ნაწილებს ამზადებს. ამ ეტაპზე საუბარია სამოქალაო ავიაციაში ამ ნაწილებით უზრუნველყოფაზე ისეთი კომპანიების, როგორიცაა “ბოინგი”, “ეარბუსი”. საუბარი და მუშაობა მიმდინარეობს სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებითაც გაფორმდეს კონტრაქტი. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმ აქტიური მცდელობებისა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდი ერთობლივად ახორციელებენ არა მხოლოდ ახალი ინვესტორების, ასევე იმ კომპანიების ქართულ ბაზარზე დასაბრუნებლად, რომლებიც თქვენი უგუნურების გამო ქვეყნიდან გარბოდნენ წლების განმავლობაში”,- განაცხადა ხიდაშელმა პლენარულ სხდომაზე.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს განაცხადა, რომ ისრაელიდან ნაყიდი უპილოტო საფრენი აპარატების სამართავი კოდები 2008 წელს რუსეთის ხელში საეჭვო ვითარებაში აღმოჩნდა, სწორედ ამის გამო დაიწყო საქართველომ საკუთარი საომარი ტექნიკის დამზადება. 

 

“მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიყიდეთ ისრაელიდან უპილოტო საფრენი აპარატები და ძალიან საეჭვო გარემოებებში მათი კოდი გახდა ცნობილი მოწინააღმდეგისთვის, რომელთაც ის ჩამოგვიყარეს. მერე მივხდით, რომ არავიზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული და შევქმენით ჩვენი აპარატი, ჩვენით გამოვცადეთ და ძალიან ბევრი პარამეტრით აღემატებოდა ისრაელის მიერ შექმნილ მანქანას. ეს იყო კლასიკური ნიმუში იმისა, რომ არავიზე არ ვიყოთ დამოკიდებული და საკუთარი ხელით ვაკეთოთ ბევრი რაღაც,” – განაცხადა სააკაშვილმა.

 

2008 წელს სამხედრო ტექნიკით სწორედ Elbit Systems-ი უზრუნველყოფდა. სივილ.გეს ინფორმაციით, საქართველოს კომპანიისგან Hermes 450 ტიპის უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატები ჰქონდა ნაყიდი. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის აპრილში განაცხადა, საქართველოს დაახლოებით 40 ამგვარი საფრენი აპარატი ქონდა. მათგან სულ ცოტა სამი (თუმცა აფხაზური მხარის მტკიცებით სულ შვიდი) აფხაზეთის თავზე გაანადგურეს 2008 წლის მარტსა და მაისს შორის პერიოდში.

 

ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა სააკაშვილის ამ განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ  მასთან პირადად ამ საკითხზე არ უსაუბრია. მისივე თქმით, ეს ისტორია “ვიკილიქსის” მეშვეობით გავრცელდა და ჭორია. 

 

“ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს არის ჭორი და ძალიან საეჭვო ინფორმაცია. ამის მიუხედავად, ისრაელმა მაინც გამოიძია ეს საკითხი და ჩაატარა სრული გამოძიება და ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ ოფიციალური პასუხი საქართველოს ოფიციალურ უწყებებს და არა მხოლოდ ოფიციალურ უწყებებს… ეს ჭორი გავრცელდა 2012 წლის თებერვალ–მარტში და მარტის ბოლოსვე ჩვენ უკვე მივაწოდეთ ეს პასუხი ქართულ მხარეს. ეს იყო ოფიციალური პასუხი, რომლის მიხედვითაც, არაფერი მსგავსი, რაც გაავრცელა “ვიკილიქსმა”, არ დასტურდება ფაქტებით. ვიმეორებ, არაფერი მსგავსი არ დასტურდება”,-ამბობს ფუქსი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი