ახალი ამბები

არა მგონია, ანა დოლიძემ საარჩევნო ბუნებრივი ბარიერი გადალახოს – კობახიძე

15 ოქტომბერი, 2019 • 1247
არა მგონია, ანა დოლიძემ საარჩევნო ბუნებრივი ბარიერი გადალახოს – კობახიძე

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეჭვობს, რომ თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იურისტი ანა დოლიძე პოლიტიკურ მოძრაობას ჩამოაყალიბებს, ბუნებრივი ბარიერის გადალახვას შეძლებს.

“დოლიძეზე როცაა საუბარი, საერთოდ არ მგონია, რომ მან შეიძლება გადალახოს ბუნებრივი ბარიერი [დაახლოებით 0.66%]”, – აცხადებს კობახიძე.

ის არ აკონკრეტებს, რომელ პარტიებთან შეიძლება ითანამშრომლოს 2020-ის არჩევნების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ”, თუ მთავრობის დასაკომპლექტებლად პარლამენტში კოალიციის ჩამოყალიბება იქნება საჭირო. კობახიძე ასეთ თანამშრომლობას გამორიცხავს ენმ-სთან, ევროპულ საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსთან.

“[ახლა] არასწორია პარტიაზე, გვარებზე საუბარი”, – აცხადებს კობახიძე, რომლის პროგნოზითაც “ქართულ ოცნებას” კოალიცია საერთოდ არ დასჭირდება და 60 პროცენტის მიღებას შეძლებს არჩევნებში. შედარებისთვის, პროპორციული წესით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ოცნებამ” 48 პროცენტი მიიღო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ თანამოაზრეებს კრებს, რომლებთან ერთადაც „ორგანიზებული ძალის“ შექმნას აპირებს და ერთ-ერთ ასეთ ადამიანად „ქართული ოცნების“ ყოფილ პარლამენტარს, ამჟამად დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან კობერიძეს ასახელებს.

„ვაპირებ, რომ გავაძლიერო ჩემი საქმიანობა იმ გაგებით, რომ თუ აქამდე ორგანიზებული ძალის წევრი არ ვიყავი და არ ვთანამშრომლობდი ორგანიზებულ ძალასთან, მე მივედი იმ ეტაპზე, რომ ვთვლი საჭიროდ, ამ ორგანიზებული ძალის ნაწილი ვიყო“, — თქვა მან 10 ოქტომბერს „მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიას გადაცემაში.

„ჯერჯერობით ვკრებ ადამიანებს, სერიოზულ თანამოაზრეებს, ისინი ლიდერები არიან, რომლებთანაც მექნება ჰორიზონტალური ურთიერთობა… ლევან კობერიძე, მაგალითად“… მას ამ ეტაპზე არ დაუსახელებია სხვა თანამოაზრეები: „მეტს გაიგებთ თავის დროზე“. დოლიძის თქმით, მისი მოძრაობა იქნება „სახალხო წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი