“მე მივესალმები იმას, რომ პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც მინისტრები, დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს, სწავლობენ დეტალურად. მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხის ასე სიღრმისეულად შესწავლა დადებით როლს მოახდენს საქართველოში მმართველობის სიძლიერეზე და მის ეფექტიანობაზე”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მთავრობის სხდომაზე პარლამენტში პრეზიდენტის 31 მარტის გამოსვლას შეეხო. პრემიერის თქმით, ცუდია, რომ პრეზიდენტმა მთავრობის საჯარო კრიტიკის გზა აირჩია. პრემიერი აცხადებს, რომ პრეზიდენტს შეეძლო სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ პრემიერისთვის მიემართა:
“მართლა გული მწყდება, რომ ამ საკითხებზე, ელემენტარულად, შეეძლო ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტს, პირადად ჩემთვის დაერეკა და ეთქვა გულწრფელად თავისი მოსაზრება, მე მას ავუხსნიდი. ცუდია, რომ ასე მოხდა და მან აირჩია ეს გზა, საჯაროდ გაკრიტიკება,”– განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 31 მარტს საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეკონომიკური პროფილის საბჭო ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებებს აფერხებს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში იმის შესახებაც ისაუბრა, რომ ჩნდება კითხვები კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის შესახებ.