ფილმში ნათქვამია, თუ როგორ ურეკავს საფრანგეთში მემორანდუმის გასაფორმებლად მყოფ ირაკლი ალასანიას სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების საბჭოს მართვის მაშინდელი მდივანი მინდია ჯანელიძე. იგი მას დოკუმენტზე ხელისმოწერისგან თავის შეკავებას სთხოვს:
“ვიკითხე, თუ რა იყო ახალი გარემოება, ან პრემიერ-მინისტრს ეს გადაწყვეტილება რამ მიაღებინა, რადგან მისი სახელით მელაპარაკებოდა. ვერ ამიხსნა. მე მას ვთხოვე, მიბრუნებულიყო პრემიერ-მინისტრთან, ვინაიდან მე ვცადე დაკავშირება და, როგორც ამიხსნეს, დაკავებული იყო პრემიერი. მე ვთხოვე, რომ მისულიყო მასთან და აეხსნა, თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას. მიბრუნდა, დაახლოებით 10-15 წუთში გადმომირეკა და მითხრა – არა, უნდა მოძებნოთ გონივრული გამოსავალი და არ მოაწეროთ ხელი. მე ვუთხარი, რომ ერთადერთი გონივრული გამოსავალი ესაა და ხელი მოეწერება მემორანდუმს. შემდეგ დღეს, დილით, 09:30 საათზე ხელმოწერა იყო დაგეგმილი უშუალოდ სპეციალურ თავდაცვით ინდუსტრიებთან. მე ვუთხარი, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი ეს არის იმიტომ, რომ შეთანხმებულია ყველგან, ყველა დონეზე და, რაც მთავარია, საქართველოს ჯარს და მოსახლეობას ეს სჭირდება”,- ყვება ირაკლი ალასანია “თავისუფალი დემოკრატების” მიერ გავრცელებულ ფილმში.
ფილმში ნათქვამია, რომ საჰაერო თავდაცვითი იარაღის, საჰარეო თავდაცვითი სისტემის შესყიდვის საკითხი წელიწადზე მეტი დროის მანძილზე განიხილებოდა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან. ალსანიას თქმით, შეთანხმების საკითხის განხილვაში პარლამენტის თავმჯდომარეც მონაწილეობდა და ეს საკითხი შეთანხმებული იყო.
ფილმში ასევე ასახულია “კაბელების საქმის” მსვლელობა, პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის საქმის მასალების გადაცემის დაყოვნება. საუბარია იმ მიზეზებზეც, რომლის გამოც კომპანია “დელტა კომს” თავდაცვის უწყების მიერ კომპანია “სილქნეტის”სასრგებლოდ ეთქვა უარი. ფილმში ნათქვამია, რომ “დელტა კომი” შსს-ს უწევდა მომსახურეობას და კონკრეტულად იმ დეპარტამენტს, რომელიც ფარულ მოსმენებს ახორციელებს.
“ცუდად მიცნობენ იმიტომ, რომ როდესაც ასეთი ზეწოლა ხდება, პირიქით, მე კიდევ უფრო მიზანმიმართული ვხდები ჩემი ამოცანების მიღწევაში”-ამბობს ფილმის ბოლოს ირაკლი ალასანია.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა
