The Washington Post-ის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსეთი, მიუხედავად ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვისა, დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში, კერძოდ კი სოხუმში, ჩრდილოეთ კორეელ მუშებს არალეგალურად ამუშავებს.
გამოცემის თანახმად, აღნიშნულს რუსეთი აკეთებს მიუხედავად იმისა, რომ ის, ჩინეთთან ერთად, ხელმომწერია ევროკავშირის სანქციებისა, რომელიც ქვეყნებს ავალდებულებს, დეკემვრის ბოლომდე ჩრდილოკორეელი მუშები ულან, თავიანთ ქვეყანაში დააბრუნოს. თუმცა, როგორც The Washington Post იტყობინება, რუსეთი ამ სანქციებს გვერდს უვლის და აფხაზეთში მათ მუშახელად იყენებს.
ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან კიმ ჩენ ინთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილია.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ამჟამად სოხუმში დაახლოებით 400-მდე ჩრდილოკორეელი მუშა ოჯახებთან ერთად იმყოფება. ისინი „დღისით კორპუსებსა და აფთიაქებს აშენებენ, ღამით კი რეგიონში სარკინიგზო გზებს აგებენ“. ერთ-ერთი მათგანი Washington Post-თან ამბობს, რომ სამუშაოსთვის 7 აშშ დოლარს უხდიან.
ამ 400 მუშის გარდა, თავად რუსეთში 10 000-მდე (თავდაპირველად ეს რიცხვი 40 000-ს უტოლდებოდა) ჩრდილოკორეელია დასაქმებული. მოსკოვი პირობას დებს, რომ დეკემბრის ბოლომდე მათ უკან გააგზავნის.
რაც შეეხება თავად რუსეთის პოზიციას, The Washington Post-ის სტატიაში მოყვანილია რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარია ზახაროვას ციტატა:
“რუსეთის საგარეო უწყება სკრუპულოზურად იცავს საერთაშორისო სანქციური რეჟიმის მიერ დაწესებულ ვალდებულებებს. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეიდან ემიგრანტი მუშების დასაქმებას აფხაზეთში, გირჩევთ, რომ ამ საკითხზე მიმართოთ შესაბამის ხელისუფლებას ან მათ დასაქმებულებს“, – პასუხობს ზახაროვა The Washington Post-ს.
ფოტოზე: ჩრდილოკორეელი მუშები სოხუმში. ავტორი: Joel van Houdt/The Washington Post