ახალი ამბები

15 ოქტომბერი ბოლო ვადაა – რას წარუდგენს ანაკლიის კონსორციუმი მთავრობას?

14 ოქტომბერი, 2019 •
15 ოქტომბერი ბოლო ვადაა – რას წარუდგენს ანაკლიის კონსორციუმი მთავრობას?

ხვალ, 15 ოქტომბერს იწურება ვადა, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთარი კაპიტალის შევსების დამადასტურებელ დოკუმენტაციასა და სასესხო ვალდებულდებების შესახებ პირველად საბუთებს წარუდგენს.

საინვესტიციო ხელშეკრულებით საკუთარი კაპიტალი, რაც კონსორციუმმა პარტნიორების მეშვეობით უნდა წარუდგინოს მთავრობას, დაახლოებით 120 მლნ დოლარია. რაც შეეხება სესხს, უკვე რამდენიმე თვეა, კონსორციუმი ოთხ საფინანსო ინსტიტუტთან დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

კონსორციუმმა “კონტი ჯგუფის” ჩამნაცვლებლად სამინისტროს ორი კომპანია წარუდგინა: “მერიდიანი” და “ვანორდი”.  კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ასევე ასახხელებს ამერიკულ ფონდსაც, რომელიც  ახვლედიანის თქმით, მზად არის პროეტი დააფინანსოს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, “მერიდიანის” საკითხზე მთავრობა გადაწყვეტილებას 29 ოქტომბრამდე მიიღებს.

როგორც ნეტგაზეთს სამინისტროში უთხრეს, “ვანორდი” პროექტში ყველაზე მცირე, დაახლოებით 5 მილიონ დოლარიანი ინვესტიციით შედის. სამინისტროს ინფორმაციითვე, ამ დრომდე სასესხო ვალდებულდებების შესახებ დოკუმენტაცია კონსორციუმს არ წარუდგენია.

ლევან ახვლედიანის თქმით, მთავრობას წარუდგინეს ხედვა, “ანუ როგორ უნდა წავიდეს პროექტი წინ”.

კონსორციუმის გენერალური დირექტორი არ აკონკრეტებს, რას ითხოვს კონსორციუმი მთავრობისგან: ვადის გადავადებას, თუ შეცვლილ პირობებზე დათანხმებას.

“ჩვენ კონკრეტული წინადადება წარვუდგინეთ მთავრობას, რომელიც ასევე ითვალისწინებს მოლაპარაკებების მაგიდასთან ისევ დაჯდომას. მთავრობას ეს წინადადება წარვუდგინეთ საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში, რაც დამატებითი დეტალების გახმაურების შესაძლებლობას არ მაძლევს, თუმცა ვთვლით, რომ ახლა ბურთი მთავრობის მხარესაა. მთავრობამ უნდა დააფიქსიროს [პოზიცია] ამ კონკრეტულ წინადადებასთან დაკავშირებით… არის რიგი გადასაწყვეტი საკითხები, მათ შორის ტვირთბრუნვა, ბანკების მიერ მოთხოვნილი საკითხები, რაც ჯერ დასრულებული არ არის. აქედან გამომდინარე, მთავრობასთან მოსალაპარაკებელი ბევრია. ამაზე მეტს ვერ გეტყვით… ეს არის ჩვენი კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა წავიდეს პროექტი წინ და ამაზე ჯერ გვინდა მთავრობის პოზიცია მოვისმინოთ. ვნახოთ, როგორი იქნება მთავრობის გამოხმაურება და მერე ამას შეძლებისდაგვარად გავახმაურებთ… ვიცი, რომ საზოგადოებაში ამ პროექტზე დიდი ინტერესია”, – ამბობს ახვლედიანი.

სამინისტროსვე ინფორმაციით, თუ შესაბამისი დოკუმენტაცია კონსორციუმმა ვერ წარადგინა, მას ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის ვადა გაუგრძელდება, ან ხელშეკრულება შეწყდება. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას სამთავრობო კომისია მიიღებს, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს და მასში ეკონომიკური ბლოკის მინისტრები შედიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი