ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური: დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად 71 314 პირი დარეგისტრირდა

1 აპრილი, 2015 •
შემოსავლების სამსახური: დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად 71 314 პირი დარეგისტრირდა

აქედან 2 881 დეკლარაციის რეგისტრირება ბანკებიდან მოხდა. მონაცემები შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე წუთობრივად იცვლება. 

 

დაუბეგრვი მინიმუმის დეკლარანტთა აქტიურობის გამო შემოსავლების სამსახურის ვებგვერდი დღეს დილიდან შეფერხებით მუშაობს.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგეებლებს მიმართავს და აცხადებს, რომ თანხა თითოეულ მათგანს დაუბრუნდება და ამისთვის არ არის აუცილებელი, რომ ყველა მათგანი დღეს დარეგისტრირდეს სისტემაში.

 

შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, დღეს დაიწყო დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციების აღნუსხვა შემოსავლების ვებგვერდზე და უკვე ღამის პირველი საათისთვის 3000-ზე მეტი დეკლარაცია იყო ატვირთული.

 

“ამ წუთებში ძალიან დიდი რიგებია შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებში და საბანკო დაწესებულებების ფილიალებში. მინდა მოვუწოდო და თხოვნით მივმართო დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს, რომ დეკლარაციის შევსების დღეზე არ არის დამოკიდებული დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება.

 

წელს გვაქვს სიახლე, რომ დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარაციას მიენიჭება რიგითი ნომერი, რაც იმას ნიშნავს, რომ პირებს, რომელთაც შეავსეს დეკლარაცია, შეუძლიათ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის საშუალებით აკონტროლონ მონაცემები, ასევე მიიღონ ინფორმაცია, თუ როდის დაუბრუნდებათ აღნიშნული თანხა”, – აცხადებს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი. 

 

მისივე თქმით, მსგავსი გადატვირთულობით ფერხდება სისტემა და ხელი ეშლება გამართულ მუშაობას.

 

“დაუბეგრავი მინიმუმით დასაბრუნებელი თანხა დაუბრუნდება ყველა მოსარგებლე პირს. რაც შეეხება დეკლარაციის შევსებას, ეს შეუძლიათ 2015 წლის 30 სექტემბრამდე”, – აცხადებს ხატია მოისწრაფიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი