ახალი ამბები

“კაბელების საქმეზე” წინასასამართლო სხდომა გადაიდო

1 აპრილი, 2015 •
“კაბელების საქმეზე” წინასასამართლო სხდომა გადაიდო

ადვოკატის ლევან სამუშიას განცხადებით, მტკიცებულებებში იყო ტექნიკური ხარვეზები, რის გამოც მოსამართლემ მხარეებს მისი გამოსწორების ვადა მისცა. 15 აპრილის სხდომა ისევ წინასასამართლო რეჟიმში გაგრძელდება.

 

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა ბრალდების მხარის 2 პროკურორის, ზვიად გუბელაძისა და ლევან ბაჩიაშვილის აცილების შესახებ იმ მოტივით, რომ ისინი დაცვის მხარის მოწმეთა სიაში არიან. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკამაყოფილა.

 

პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განაცხადა, რომ დაცვის მხარეს იგივე მტკიცებულებები აქვს წარდგენილი, რაც ბრალდებას

 

“ნამდვილად პარადოქსია, დაცვის მხარე იმეორებს მტკიცებულებებს და სასამართლოში თავის მტკიცებულებად წარადგენს იმ მტკიცებულებას, რომლებიც ბრალდებულების ბრალს ადასტურებს და არა მათ უდანაშაულობას. შესაბამისად, ნამდვილად გაუგებარია, როგორ აპირებს ამ მტკიცებულებების გამოყენებას დაცვის მხარე საკუთარი პოზიციის მაარგუმენეტირებლად. ყველა უმთავრესი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდონობა ბრალი, გამეორებული აქვს დაცვის მხარეს”, – განაცხადა პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა.

აღლემაშვილს ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ასე უპასუხა:

“თუ პროკურორი იმას ამბობს, რომ დაცვის მხარემ თავის მტკიცებულებებად გამოიყენა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, წარმოიდგინეთ, როგორი მტკიცებულებები ჰქონია ბრალდების მხარეს. დაცვის მხარემაც მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ დაადასტუროს ბრადებულთა სრული უდანაშაულობა. არც ერთი ის ადამიანი, რომელიც სამართლდება დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 182 – ე მუხლით, არ იყო მართლზომიერი მფლობელი და გამგებელი იმ თანხისა, რისი გაფლანგვაც მათ ედებათ ბრალად,” – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

 

პროცესს ესწრებოდა საქართველოში შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი.

 

“მსურს, რომ გარკვეული წარმოდგენა შევიქმნა იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩემთვის პირადად, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ სამართლიანად მიმდინარეობს, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში. ამ მომენტისთვის მე ვერანაირ კომენტარს ჯერჯერობით ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებისთვის ეს დამთავრდება ისე, როგორც უნდა მოხდეს, ანუ სამართლებრივად” – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია თანაპარტიელებთან ერთად საქალაქო სასამართლოში
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია თანაპარტიელებთან ერთად საქალაქო სასამართლოში ‘კაბელების საქმის’ წინასასამართლო პროცესის შესვენებაზე 01.04.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი