ახალი ამბები

ომბუდსმენი: დღემდე უცნობია 2013-2014 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები

1 აპრილი, 2015 •
ომბუდსმენი: დღემდე უცნობია 2013-2014 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები

“დღემდე უცნობია 2013-2014 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები, მათ შორის, თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების სავარაუდოდ უკანონო აღკვეთის, ივანე მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან სავარაუდო უკანონო გაყვანასთან დაკვშირებული ქმედებებისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე. კანონის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა ასევე, ე.წ. ტრაქტორების საქმეზე, რაც გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას საჭიროებს, თუმცა ამ საქმეებთან დაკავშირებით რაიმე პროგრესი არ შეიმჩნეოდა”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

 

მისივე თქმით, ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურის მხრიდან აუცილებლობას არ წარმოადგენდა ე.წ. კაბელების საქმისთვის საიდუმლო გრიფის მინიჭება მთლიანი საქმისთვის, რამაც გამოძიების საწყის ეტაპზე ხელი შეუშალა დაცვის მხარის შეუფერხებელ წვდომას საქმის მასალებისადმი. მოგვიანებით პროკურატურამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და საქმის მასალების მნიშვნელოვან ნაწილს მოხსნა გრიფი.

 

“ამ დრომდე უცნობია სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე ოფიციალური გამოძიების შედეგები. კვლავ გრძელდება გამოძიება 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი დაზარალებული ოჯახების, დაინტერესებული პირებისა თუ ფართო საზოგადოებისათვის”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.    

 

მისივე თქმით, არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი იყო დაპატიმრებული სხვადასხვა ბრალდებით.

 

“პოლიტიკური ოპოზიცია, რამდენიმე ორგანიზაცია და ექსპერტი სვამდა კითხვებს შერჩევითი სამართლის შესაძლო გამოყენებისა და იმის შესახებაც, თუ რატომ ინტერესდებოდა გამოძიება სწორედ ყოფილი თანამდებობის პირების საქმეებით. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა სპეციალური სადამკვირვებლო მისიამ დაასრულა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების შესწავლა. წარმოდგენილ ანგარიშში პროცედურულ დარღვევებთან ერთად საუბარია უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის არაერთ ფაქტზე. აღმოჩენილი პროცედურული დარღვევების შესახებ სახალხო დამცველს შეფასებები წარმოდგენილი ჰქონდა 2012 და 2013 წლების საპარლამენტო ანგარიშებში”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

ომბუდსმენის 2014 წლის ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ უკვე გაგზავნილია საქართველოს პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი