ახალი ამბები

ნანუაშვილი: პატიმართა წამების მხრივ სისტემური დარღვევის ფაქტებზე შედეგი არ დამდგარა

1 აპრილი, 2015 •
ნანუაშვილი: პატიმართა წამების მხრივ სისტემური დარღვევის ფაქტებზე შედეგი არ დამდგარა

უჩა ნანუაშვილის თქმით, პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების კვალიფიკაცია, ასევე, აქტუალურია არასათანადო მოპყრობის შესაძლო მსხვერპლთა დაცვის საკითხი.

 

“მნიშვნელოვანია პატიმართა სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათისა და წარმომავლობის სათანადო დოკუმენტირება და შესაბამისი რეაგირება. პრობლემურია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დროული ჩატარება, სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერების ამოღება და სხვა მტკიცებულებების მოპოვება. შესაბამისად, აუცილებელია პრევენციის ეროვნულ მექანიზმს ჰქონდეს დახურულ დაწესებულებებში ფოტო და ვიდეოგადაღების უფლება და წვდომა ვიდეოკამერების ჩანაწერებზე. 

 

ხაზგასასმელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი. რიგ დაწესებულებებში პრობლემად რჩება არასათანადო პირობები. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა  #7 დაწესებულებაში და აუცილებელია მისი გაუქმება”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

საქართველოს სახალხო დამცველისთვის საგანგაშო იყო რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, როდესაც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების ეფექტური დაცვა.

 

“საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია ფარტენაძის და სხვა რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები და გამოძიების შედეგები. დაწესებულებებში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა 28-ს შეადგენდა, საიდანაც 7-მა სიცოცხლე სავარაუდოდ სუიციდით დაასრულა”, – აცხადებს ომბუდსმენი. 

 

უჩა ნანუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის სექტემბერში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელების შემდეგ პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოვლენილი პოლიტიკური ნებისა და გატარებული რეფორმების წყალობით პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ მსჯავრდებულთა ათასობით საჩივარი კვლავ გამოძიების რეჟიმშია და ერთეული საქმეების გარდა, შედეგი ადამიანის უფლებათა ამ სისტემური დარღვევის ფაქტებზე არ დამდგარა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი