“მონიტორინგმა ცხადყო, რომ ადგილი ჰქონდა დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ტენდენციას. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ასეთი ფაქტები უფრო ხშირია დასავლეთ საქართველოში. სამწუხაროდ, აღნიშნული დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით საქართველოს პროკურატურის საქმიანობა არაეფექტურია”, – განაცხადა დღეს ომბუდსმენმა, რომელმაც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებების შესახებ 2014 წლის ანგარიში გააცნო.
უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამ კუთხით არსებობს როგორც საკანონმდებლო ხარვეზები, ასევე, კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაციის პრობლემა.
“მნიშვნელოვანია გადაიხედოს არსებული კანონმდებლობა და შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც მსგავსი შემთხვევების მიუკერძოებელ გამოძიებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხის განხილვის დაწყება”, – აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2014 წლის განმავლობაში კვლავ პრობლემური რჩებოდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე ჩატარებული გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი.