“ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის გამოძიების გაჭიანურებას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ახალი ტრაგედია დაემატა. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ეფექტიანი და დროული გამოძიების წარმოებაა აუცილებელი ეროსი კიწმარიშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეებზე. ამ შემთხვევებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გამოძიების შედეგებით დამაჯერებელი და გონივრული პასუხები უნდა გაეცეს”, – აცხადებს სახალხო დამცველი.
მისივე თქმით, საზოგადოების ლეგიტიმური მოლოდინის მიუხედავად, ამ დრომდე არ შექმნილა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის ქონების რესტიტუციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას უკანონო მსჯავრდებისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ომბუდსმენი ამბობს, რომ 2014 წლის განმავლობაში, მსგავსად 2013 წლისა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა მსჯავრდებულმა/ყოფილმა მსჯავრდებულმა მიმართა, რომლებიც თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ.
“ერთეული საქმეების გარდა, საგამოძიებო ორგანოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილებები არ არის მიღებული ან/და სასამართლო განხილვები კვლავ გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევის წლების განმავლობაში აღიარებულ საქმეებზე”, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.
საქართველოს სახალხო დამცველი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი წესით დევნილ პირებთან“ დაკავშირებით.
“სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეუძლებელია შემოიფარგლოს ამნისტიის ერთჯერადი აქტის განხორციელებით, ვინაიდან აღნიშნული კატეგორიის პირთა სრული სამართლებრივი რეაბილიტაციისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ღირსებისა და რეპუტაციის აღდგენა, არამედ სახელმწიფოსაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურებაც”, – აცხადებს ნანუაშვილი.
მისივე თქმით, იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ 2015 წლის 13 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების, მათ შორის ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტების გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.