როგორც ნეტგაზეთს აზერბაიჯანში საქართველოს კონსულმა ნიკოლოზ გოგიტიძემ განუცხადა, მომხდარი არასასაიამოვნო ფაქტია, თუმცა გოგია დაკვებული არ ყოფილა და ის აზერბაიჯანში არ შეუშვეს, რაც “ქვეყნის სუვერენული უფლებაა”. კითხვას, მაშინ რატომ ჰყავდათ იგი 30 საათის განმავლობაში (რაზეც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის ბიურო წერს) აეროპორტში შეყოვნებული, კონსული პასუხობს, რომ გოგია იქ 30 საათის განმავლობაში არ ყოფილა. მისი თქმით, გოგია აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში იყო გაჩერებული. კონსულიც ადასტურებს, რომ “გარკვეული პროცედურებისთვის” მას პასპორტი ჩამოართვეს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ შეუშვეს გოგია აზერბაიჯანში, კონსულის თქმით, შესაძლოა ეს თვითონ გოგიას განუმარტეს, ხოლო თუ ეს ასე არ მომხდარა და იგი თბილისში დაბრუნების შემდეგ ამ საკითხზე საჭიროდ ჩათვლის საქართველოს საგარეო უწყებისთვის მიმართვას, საკითხის გარკვევაში საელჩო ჩაერთვება და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით მიმართავს. კონსულის თქმით, მათ უკვე ჰქონდათ კონტაქტი ოფიციალურ ბაქოსთან, სადაც უთხრეს, რომ გოგია დაკავებული არ ყოფილა. ამასთან, გოგიტიძის თქმით, ისინი თვითონ უფლებადამცველსაც შეხვდნენ, რომელიც აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში იმყოფებოდა.
როგორც აზერბაიჯანული გამოცემა contact.az წერს, გოგია 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში ბაქოს აეროპორტში ჰყავდათ დაკავებული. HRW-ის წარმომადგენლის, რეიჩელ დენბერის განმარტებით, ის თბილისიდან ბაქოში 30 მარტს, 13:30-ზე ჩაფრინდა, სადაც გეგმავდა დაკავებულ რასულ ჯაფაროვისა და ინტიგამ ალიევის სასამართლო პროცესებზე დასწრებას.
მისივე თქმით, გოგია მესაზღვრემ დააკავა, მისი პასპორტი წაიღო და მას შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაქოს აეროპორტში გოგია დააკავეს, თავდაპირველად ყოფილმა ევროკომისარმა თომას ჰამარბერგმა გაავრცელა.