გარდა კალაძისა, პროგრეს ბანკის რიგებში სხვა ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ: გიორგი დემეტრაძე და დავით მუჯირი. პროგრეს ბანკი 2008 წელს კახა კალაძემ დააფუძნა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაყიდა და მართვიდან გავიდა. დღეს „პროგრეს ბანკის“ 78.21 % არის საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის „ვებიონის“ საკუთრება, ხოლო ბანკის 21.71% ბიძინა ივანიშვილს ეკუღვნის. ბანკის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ არც კალაძეს, არც დემეტრაძეს და არც მუჯირს ბანკთან შეხება არ აქვთ და მხოლოდ ბანკის მეგობრების სტატუსით თამაშობდნენ:
“ეს ტურნირი სამ ლიგად იყოფა: ოქროს ლიგა, ვერცხლის ლიგა და სუპერ ლიგა. ჩვენ ვთამაშობთ სუპერ ლიგაში და აქ არ არის სავალდებულო, რომ მოთამაშე აუცილებლად თანამშრომელი იყოს. რაც შეეხება ოქროს და ვერცხლის ლიგას, იქ აუცილებლად მოითხოვება, რომ თამაშში ჩართულები იყვნენ უშუალოდ ის ადამიანები, ვინც კომპანიის თანამშრომლები არიან. ჩვენ, რადგან სუპერ ლიგაში ვთამაშობთ, გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ბატონ კახისაც, ასევე დემეტრაძესაც, დავით მუჯირსაც მიეღოთ მონაწილეობა. წინა თამაშებში ალექსანდრე იაშვილიც და ლევან კობიაშვილიც თამაშობდნენ ჩვენს რიგებში”, – გვითხრა ბანკის პრესსამსახურის უფროსმა ელენე ზამთარაძემ.
ზემოხსენებული ტურნირის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ.