2800 მცველი VS 55 ათასი ქომაგი

 

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტადიონზე უსაფრთხოებას 2800 ადამიანი იცავდა. 400 ადამიანი ფეხბურთის ფედერაციის და დინამო არენას სტიუარდები [სპორტში სტადიონის სპეციალური თანამშრომლები, მონიტორები, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე არიან პასუხისმგებელნი ] იყვნენ, ქალაქის პოლიციას დაახლოებით 2000, ხოლო დაცვის პოლიციას 400 პოლიციელი წარმოადგენდა. ამასთან, დინამო არენაზე დაცვის არა ცენტრალიზებული სისტემა, არამედ ზონური პრინციპი მოქმედებდა:

 

“ამჟამად მოქმედებს დაცვის ასეთი სისტემა: სტადიონი ზონებად არის დაყოფილი. საფეხბურთო არენას იცავენ კერძო დაცვის სამსახურის სტიუარდები, შემოსასვლელს იცავდა ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდების სამსახური, ხოლო სტადიონის სექტორებს [სადაც გულშემატკივრები სხედან] ძირითადად აკონტროლებდა  ქალაქის პოლიცია და დაცვის პოლიცია. ქალაქის პოლიციის წარმომადგენლები პირველ რიგში ისხდნენ მთელი სტადიონის პერიმეტრზე”, – ამბობს ეკა ელოშვილი, სფფ-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

 

მისივე თქმით, პრობლემა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ უსაფრთხოების სტანდარტის ძირითადი მითითება არ შესრულდა:

 

“ისინი უყურებდნენ თამაშს… უეფას დებულებაში პირდაპირ წერია, რომ მოედნიდან ზურგით უნდა იდგნენ დაცვის სამსახურები, ანუ მხოლოდ ტრიბუნებს უყურებდნენ… ისინი უყურებენ თამაშს და მომენტები ეპარებათ, რისი დასტურიც იყო მაყურებლების სტადიონზე შევარდნა”.

 

კითხვას, 2800 ადამიანი იმ სტადიონის კონტროლისთვის, რომელზეც 55 ათასი ადამიანი ეტევა, ცოტა ხომ არ არის, იგი პასუხობს, რომ რაიმე ტიპის ერთგვარი სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენი ადამიანი უნდა იცავდეს უსაფრთხოების ზომებს, არ არსებობს და შესაბამის გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტული მატჩის სირთულის მოლოდინებიდან გამომდინარე, რაც ამჟამად ამ რაოდენობის თანამშრომლებით განისაზღვრა.

ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში სტიუარდების სამსახური დაცვის ყველაზე აპრობირებული მეთოდია. ესენი არიან არა პოლიციელები, არამედ სპეციალური თანამშრომლები, რომლებსაც გულშემატიკვართან ურთიერთობის თვალსაზრისითი პოლიციელებისაგან განსხვავებული მეთოდები აქვთ. ნეტგაზეთის ინფორმაციით, სფფ-მ საკუთარი სტიუარდების სამსახურის დანერგვა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როგორც ერთ-ერთმა იმ ადამიანმა გვითხრა, რომელიც სტიუარდების შესარჩევ კონკურსში იღებდა მონაწილეობას, მათთვის უსაფრთხოების სექტორში გამოცდილება არავის მოუთხოვია. ამ ფაქტს სფფ-შიც ადასტურებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ მათმა სტიუარდებმა გერმანიასთან საფეხბურთო მატჩზე ძალიან კარგად იმუშავეს.

 

“დღესაც მიმდინარეობს სტიუარდების შერჩევის პროცესი, სააპლიკაციო ფორმა საიტზე გვიდევს. ველოდებით და ვუხმობთ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს- სტუდენტებს, დასაქმებულებს, დაუსაქმებლებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ საერთაშორისო მატჩებზე იყვნენ სტიუარდები. მათ ჩაუტარდათ რამდენიმე გასაუბრება, ტესტირება, პირველად მათ სტადიონზე გასვლა მოუწიათ მალტასთან მატჩზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც იმუშავეს ტურნიკეტებთან, სტადიონზეც. გერმანიასთან მატჩზე მათი ძირითადი სამუშაო ტურნიკეტებთან იყო, რასაც ძალიან კარგად გაართვეს თავი”, – ამბობს ელოშვილი.

 

მისივე თქმით, მომავალში სფფ-ს სურს, რომ პრიორიტეტი სწორედ სტიუარდების სამსახურს მიანიჭოს. ამასთან, ინციდენტების სამომავლო პრევენციისათვის უნდა ჩამოყალიბდნენ, თუ როგორი უსაფრთხოების სისტემა ექნებათ საერთაშორისო დონის თამაშებზე.

 

“უნდა ჩამოყალიბდეთ იმაზე, უსაფრთხოების ცენტრალიზებულ სისტემაზე გადავალთ, თუ ისევ იგივე იქნება, რომ სტადიონი გადანაწილებული იყოს რამდენიმე ზონად და ყველას თავის ზონაზე ჰქონდეს პასუხისმგებლობა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს აშკარად არ ამართლებს იმიტომ, რომ პანტა-პუნტით ცვიოდა გულშემატიკვარი. ჩვენი მიზანია, რომ ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდების რაოდენობა მაქსიმალურად გაიზარდოს და ძირითადად ამ ადამაინებს დავეყრდნოთ, რომლებმაც პირდაპირ იომეს შემოსასვლელებში და ტურნიკეტებთან. ზონური პრინციპისას ყველა დანაყოფს ცალ-ცალკე უფროსი ჰყავს და კონკრეტული ინციდენტისას 6-7 ადამიანთან გიწევს კონტაქტი, რაც რთულია. ცენტრალიზებული სისტემისა კი ერთი ადამიანი კურირებს ამ ყველაფერს”.

 

მოედანზე შეჭრილი ქომაგები სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე

 

როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სპორტული მედიის ინფორმაციით, საქართველო-გერმანიის საფეხბურთო მატჩზე დაახლოებით 7 გულშემატიკვარი შეიჭრა. მანამდე ერთ-ერთმა გულშემატიკვარმა შესვლა გერმანიის ნაკრების ვარჯიშზეც მოახერხა. იგი ბასტიან შვაინშტაიგერს ჩაეხუტა და მის სპორტულ ფეხსაცმელს შეეხო. ნეტგაზეთი შეეცადა შსს-ში გაერკვია, რა ბედი ეწიათ ამ ადამიანებს, თუმცა უწყება არ აკონკრეტებს, დაიწყო თუ არა მათ მიმართ რაიმე სახის სამართლებრივი პროცედურა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის კუთხით. შსს-ში გვითხრეს, რომ მათ მხოლოდ ორი ადამიანი დააკავეს, თუმცა ისინი სტადიონის გარეთ აიყვანეს წესრიგის დარღვევისთვის. რაც შეეხება ზემოხსენებულ 7 გულშემატიკვარს, რომლებიც სტიუარდებმა მოედნიდან გაიყვანეს, მათი ბედი უცნობია.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ სტადიონზე გულშემატიკვრის შევარდნა საქართველოს კანონმდებლობით სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ იწვევს. საიას იურისტების თქმით, შესაძლოა საუბარი იყოს წვრილმან ხულიგნობაზე, თუმცა ეს საკითხი კანონმდბელობით ნათელი არ არის. ზემოხსენებული 7 გულშემატკივრის თაობაზე ინფორმაციას არც სფფ-ს პრესსამსახურში ფლობენ, სადაც ვარაუდობენ, რომ მათ დაცვამ უბრალოდ სტადიონი დაატოვებინა და ამით ყველაფერი დასრულდა.

 

უეფას სანქციების მოლოდინში

“ვერ გეტყვით, კანონმდებლობით როგორ ისჯება ეს ამბავი, მაგრამ გეტყვით იმას, როგორ ვისჯებით ჩვენ უეფადან. ამ საკითხს უეფას სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. საკითხი არის ძალიან სერიოზული, რადგან ბოლო პერიოდში უსაფრთხოებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ჩვენ იმავე საღამოს უეფას დელეგატმა გვითხრა, რომ ყველა ერთად გადავრჩით, რადგან არც ერთ მათგანს ხელში დანა არ სჭერია, იმიტომ, რომ ამას ძალიან სერიოზული რაღაც შეიძლება მოყვეს და შემდეგ სტადიონის დისკვალიფიკაცია კი არა, არაფერი აღარ გვიშველის. გააჩნია იმასაც, საჩივარს შეიტანენ თუ არა გერმანელები. კომენტარებში მათი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც და ფეხბურთელებმაც გაამახვილეს ამაზე ყურადღება, რომ ამ ფაქტებმა თამაშში ხელი შეგვიშალაო. სადისციპლინო კომიტეტი ნახავს ფირს, შეისწავლის ამ ყველაფერს, მასპინძელი მხარე ისჯება ხოლმე როგორც ფულადი სანქციით, ისე დისკვალიფიკაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკრებმა მომდევნო თამაში შეიძლება ცარიელი ტრიბუნებით ჩაატაროს’, – ამბობს სფფ-ს პრესსამსახურის უფროსი.

 

უეფას სადისციპლინო კომიტეტის ვერდიქტი, სავარაუდოდ, მომდევნო თვეში გახდება ცნობილი. თუ უეფა ქართული მხარის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილებას მიიღებს, შოტლანდიასთან საშინაო მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება.


ქართველი ქომგაები გერმანიასთან საფეხბურთო მატჩისას მინდორზე © EPA/ARNE†DEDERT
ქართველი ქომგაები გერმანიასთან საფეხბურთო მატჩისას მინდორზე © EPA/ARNE†DEDERT

გერმანიასთან საფეხბურთო მატჩისას მინდორზე © EPA/ARNE†DEDERT
გერმანიასთან საფეხბურთო მატჩისას მინდორზე © EPA/ARNE†DEDERT

გერმანიასთან საფეხბურთო მატჩისას მინდორზე ©EPA/ARNE†DEDERT
გერმანიასთან საფეხბურთო მატჩისას მინდორზე ©EPA/ARNE†DEDERT

გერმანიასთან საფეხბურთო მატჩისას მინდორზე © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
გერმანიასთან საფეხბურთო მატჩისას მინდორზე © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *