თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, 14:00-დან 16:00 საათამდე თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიმდებარე ტერასაზე სტუმრებისთვის სახალისო, გასართობი აქტივობები ჩატარდება და ამ დღეს მიწვეულ ბავშვებსა და მათ მშობლებს ზოოპარკი უფასოდ უმასპინძლებს.
“2 აპრილის აღნიშვნის მიზანია აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ქვეყანაში აუტიზმის მქონე ბავშვთა დროული გამოვლენისა და ადრეული მკურნალობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ღონისძიება თბილისის ზოოპარკის, კომპანია DHL-ისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭრით ხორციელდება”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა 2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული 62/139 რეზოლუციით, რომელსაც ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი სიხშირით, რის გამოც ეს პრობლემა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად შეფასდა. აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღე საქართველოში უკვე მეხუთედ აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ასევე არის სახელისუფლებო ორგანოების ხელშეწყობაა, რათა საქართველომ შეასრულოს მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.





