პროექტი მიზნად ისახავს 3 წლის განმავლობაში 85 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწარმოს შექმნას, სადაც თვითმფრინავის დეტალები, მათ შორის კარები, აეროდინამიკური ზედაპირი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები ავიაციის სფეროში მოწინავე ტექნოლოგიით დამზადდება.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, პროექტი 300 ადგილობრივს დაასაქმებს, რომელთა გადამზადება მოხდება წამყვანი სპეციალისტების მიერ. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები კი ისრაელიდან ჩამოვლენ. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე.
“ასეთი პროექტების ხელშეწყობით და განხორციელებით ჩვენ ხელს ვუწყობთ მაღალტექნოლოგიული წარმოების განვითარებას, ეს კი მაგალითს აძლევს სხვა მსხვილ ბრენდებს, საქართველოში განავითარონ საკუთარი ბიზნესი,“ – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე.
საპარტნიორო ფონდმა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან დღეს ხელი მოაწერა წარმოების სექტორში ახალი მაღალტექნოლოგიური პროექტის ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას.
აღნიშნული საწარმო ELBIT-ის დახმარებით გაივლის ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიცირებას. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვები.
ELBIT Cyclone კომპოზიტურ მასალებს ამზადებს ისრაელში, ქალაქ ჰაიფას საწარმოში. ELBIT Cyclone არის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანია, რომლის წლიური ბრუნვა 130 მლნ აშშ დოლარს აღემატება. ისრაელში ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სამხედრო/თავდაცვის აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრიმავების ნაწილები და უსაფრთხოების სისტემები. 2013 წელს კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 3 მლრდ დოლარს შეადგენდა.
სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს.