ახალი ამბები

პრეზიდენტი: ჩნდება კითხვა კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის შესახებ

31 მარტი, 2015 •
პრეზიდენტი: ჩნდება კითხვა კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის  შესახებ

მისი თქმითფაქტია, რომ ქვეყანამ ჯერაც ვერ მიაღწია ეკონომიკური პროცესების სასურველ დინამიკურობას – “კვლავ მაღალია უმუშევრობის დონე, უთანასწორობის მაჩვენებელი, სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის შენელება”. ამდენად, პრეზიდენტის თქმით, დღეს მთავარი ამოცანაა: “უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა, დასაქმება. საბოლოოდ – ქვეყანაში უთანასწორობის შემცირება და საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობა”.

 

“რა პოტენციალი გაგვაჩნია ეკონომიკის განვითარებისათვის? ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა ახალი სტიმულია ეკონომიკური ზრდისათვის – ინვესტიციებისათვის, დასაქმებისა და ექსპორტისათვის, ასევე, ევროკავშირთან მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის. ამავე დროს, ესაა ახალი შესაძლებლობა თავისუფალი ვაჭრობის სხვა სივრცეების ათვისებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის. შესაბამისად, უნდა აღვნიშნოთ, რომ საჭიროა ბიზნესისა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა DCFTA-ს პოტენციალის შესახებ.

 

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებთანაც.  მთლიანობაში ეს უზრუნველყოფს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის თავისუფალ წვდომას მსოფლიოს მასშტაბით 900 მილიონზე მეტ მომხმარებელზე. მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მაღალი პოზიციები მსოფლიოში აღიარებულ რეიტინგებში, დაბალი გადასახადები, კორუფციისა და კრიმინალის დაბალი დონე დამატებითი სტიმულია ყველა ინვესტორისათვის.


აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მაღალი გამომუშავების პოტენციალი და რეგიონში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. შესაბამისად, ენერგოსექტორი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი მიმართულებაა ინვესტორებისათვის. ახალი ჰესების აშენებისათვის მოზიდული ინვესტიციები უზრუნველყოფენ პირველ ეტაპზე იმპორტის ჩანაცვლებას და შემდგომ ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის ფარგლებში თურქეთთან ერთიანი ენერგეტიკული სისტემის შექმნა, რაც თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობას გაზრდის.
 ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარებას ემსახურება ურთიერთობათა გაღრმავება არა მხოლოდ ევროპის, არამედ ასევე აზიის სახელმწიფოებთან. არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ რეგიონის ქვეყნებით, უნდა გავაქტიურდეთ ყველა იმ სახელმწიფოს მიმართულებით, ვინც დაინტერესებულია რეგიონის განვითარებაში, ინვესტიციებით. შუა აზიის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენენ. ამავდროულად, მნიშნელოვანია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში დაფიქსირებული თავისუფალი ვაჭრობის  შეთანხმების შესახებ  მოლაპარაკებების გაღრმავება.


 გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წელს ლარის კურსის მკვეთრმა ვარდნამ და ეკონომიკური ზრდის სოლიდურმა შემცირებამ დღის წესრიგში დააყენა ქვეყნის საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა საგარეო ეკონომიკური რისკების პირისპირ საქართველოს ეკონომიკის არცთუ საკმარისი მზაობა, ქვეყანაში ეკონომიკური პროგნოზირების ფაქტობრივად არარსებობა.

 

ეკონომიკური რყევების, მათ შორის საგარეო ფაქტორებით გამოწვეული შოკების უკეთ გამკლავების მიზნით ეკონომიკური პროგნოზირების მოქნილი სისტემა გვესაჭიროება. შესაბამისად, აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება  ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის ისე, რომ შენარჩუნებული იქნას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.


 ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში ხაზგასმულია ოლიგოპოლიური გარემოს შეცვლის აუცილებლობა. აქ ვკითხულობთ: “ამ მოდელის „წარმატებას“ საქართველოს ყველა მოქალაქე გრძნობს პირველადი მოთხოვნილების საქონლისა და მომსახურების – საკვების, საწვავის, მედიკამენტების, ელექტროენერგიისა და სხვადასხვა კომუნალური მომსახურების შეძენისას’’.

 

-საზოგადოებამ ამ ხედვას დაუჭირა მხარი და დღესაც  იგივე აზრზეა. მიუხედავად ამისა, კვლავ აქტუალურია კითხვები ბაზარზე ოლიგოპოლიების, კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებებისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ. ლოგიკურად ჩნდება კითხვა კონკურენციის სააგენტოს  საქმიანობის ეფექტიანობის  შესახებ.

 

როგორც წინასაარჩევნო პროგრამით, ასევე მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით აღიარებულია მცირე და საშუალო ბიზნესის უდიდესი მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის, ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობისა და დასაქმებისთვის. “სახელმწიფო შეიმუშავებს ეფექტიან მექანიზმებს ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად“ აღნიშნულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში და მე სრულად ვიზიარებ ამ მიზანს. თუმცა ფაქტია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მშპ-ში ძალიან მცირეა და კვლავინდებურად 20 პროცენტის ფარგლებში რჩება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი