მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან.
“მიმდინარე წელს კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები როგორც საკუთრივ ევროკავშირთან და ნატოსთან, ისე ევროატლანტიკური სივრცის თითოეულ სახელმწიფოსთან.
ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და ის უპირატესობები, რაც საინტერესოს ხდის ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობისათვის; საქართველოს განვითარებითა და სტაბილურობით დაინტერესებულ სახელმწიფოთა რიცხვის ზრდა ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი სერიოზული საერთაშორისო გარანტიაა.
ამდენად, საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში და აქ ერთიანი ძალისხმევაა საჭირო. დაუშვებელია ვიწროპარტიულმა ან უწყებრივმა ინტერესებმა შეასუსტონ ევროატლანტიკური პლატფორმა. პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველას – პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს თავისი უმრავლესობითა და უმცირესობით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
იგი ასევე შეეხო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან:
“საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და მილიტარიზაცია ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში და ამდენად, ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას, უარს ამბობს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე.
გასულ წელს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელეს მანიპულირება მავთულხლართებით. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულებების გაფორმების გამო ჩემი მიმართვის პასუხად პარლამენტმა ეს აქტები ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ეს შეფასება ჩვენმა პარტნიორებმაც გაიზიარეს და საერთაშორისო მასშტაბით კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის აგრესია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.