ახალი ამბები

ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური პავილიონი სტიგმის დასამარცხებლად

11 ოქტომბერი, 2019 • 1955
ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური პავილიონი სტიგმის დასამარცხებლად

“ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური პავლიონი“- ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანია, საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და, შესაბამისად, თემის ირგვლივ არსებული სტიგმის შემსუბუქება.

პავლიონი, რომელსაც არ აქვს კარი და ერთი შეხედვით, სახლს წააგავს, ორგანიზაცია “ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაციის“ პროექტია, მისი ავტორები კი ელენე ქორიძე და თამთა ჭელიძე არიან.

ისინი ამბობენ, რომ პავლიონში ნებისმიერ ადამიანს შეეძლება შესვლა, იქიდან კი-ინფორმაციური წიგნაკების წამოღება და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მომზადებული ვიდეოების ნახვა.

“ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური პავილიონი“. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ავტორების განმარტებით, პავილიონი ყოველთვე შეიცვლის ადგილმდებარეობას და თავად მივა სამიზნე აუდიტორიამდე, მისი სამი ძირითადი თემა კი დეპრესია, შფოთვითი და პოსტტრავმული სტრესული აშლილობაა.

“სტიგმას აქვს სამი კომპონენტი: კოგნიტური, ემოციური და ქცევითი, ანუ რა ცოდნა მაქვს გარკვეული ჯგუფის შესახებ, ამ ცოდნაზე დაფუძნებით რა ემოციებს განვიცდი ამ ჯგუფის მიმართ და ამ ემოციებიდან გამომდინარე როგორ ვიქცევი ამ ჯგუფთან მიმართებაში.

მათ შორის უპირველესი კომპონენტი არის ცოდნის კომპონენტი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პროექტით ცოდნა გაგვეღრმავებინა საზოგადოებისთვის, უფრო კონკრეტულად კი, ჩვენი სამიზნე ჯგუფისთვის – ახალგაზრდებისთვის.

გვინდა მათ მივაწოდოთ ინფორმაცია ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ფსიქიკური აშლილობის შესახებ, როგორებიც არის დეპრესია, შფოთვითი და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა“, – ამბობს თამთა ჭელიძე.

ჭელიძე განმარტავს, რომ სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი ცხოვრების მანძილზე განიცდის ზემოხსენებული მდგომარეობიდან ერთ-ერთს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფსიქიკური ავადობის პრევენცია, “ვინაიდან უფრო მეტი საშუალება გვაქვს პრევენციისთვის, ვიდრე უკვე განვითარებულ აშლილობასთან საბრძოლველად“

“ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური პავილიონი“. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“ეს ჩვენი შეხვედრის ადგილია. ოთახი, რომელსაც არ აქვს კარი – პლატფორმაა, სადაც თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. იმ თემებზე, რომლებიც ყველასთვის აქტუალურია, თუმცა, ხშირად ტაბუირებული. ეს ჩვენი თავისუფალი სივრცეა, სადაც არავინ განგვსჯის. ჩვენი ოთახი უკაროა. აქ მხოლოდ კარის სახელური არ კმარა და ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ გზას, რათა აღმოვჩნდეთ შიგნით. რაღაცით ჰგავს ახალი ურთიერთობის დასაწყისს. არსებულ სქემებს ვცდებით და ვცდილობთ, ახალი შევქმნათ.

ოთახში ყოფნა ახალი გამმოცდილებაა, რომლის მიზანიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ახლებურად დანახვაა. ზღვა, რომელიც ჩვენ წინ იშლება, არ არის ისეთი, როგორც უნდა იყოს. ის ჩვენი გამოცდილებით დატვირთულია და საკუთარ თავთან უფრო გვაახლოებს, გვახსენებს ჩვენს ბედნიერ მომენტებს, ჩვენს უსიამოვნო გამოცდილბებს, საბოლოო ჯამში კი, ჩვენ ვმთლიანდებით და ისეთებად ვიღებთ საკუთარ თავებს, როგორებიც ვართ. ჩვენ სერფერები ვართ, რომლებიც ტალღებზე ცურვას სწავლობენ“, – წერია პავილიონის კედლებზე.

საინფორმაციო ბუკლეტები, დეპრესიაზე, შფოთვით და პოსტ-სტრესულ აშლილობაზე პავილიონიდან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პავილიონი 10 ოქტომბერს გაიხსნა, ეს თარიღი იდეის ერთ-ერთი ავტორის, ელენე ქორიძის თქმით, შემთხვევითი არ არის – 10 ოქტომბერი ფისიქკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა, წელს კი ამ დღის მთავარი თემა სუიციდის პრევენციაა.

“რაც შეეხება ფორმას, ჩვენ კონცეპტუალურად მოვერგეთ ფსიქიკური ჯანრმთელობის სფეროში არსებულ თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც ითვალისწინებს იმას, რომ არსებული სერვისები ადამიანებისთვის გეოგრაფიულად და ფინანსურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ჩვენ ვცდილბთ, რომ ფსიქიკური ჯანრმთელობის თემები მივიტანოთ საზოგადოებასთან, ჩვენ თვითონ მივიდეთ მათთან და, შესაბამისად, გავაცნოთ ჩვენი ძირითადი მესიჯი, რომელიც შემდეგნაირია – ყველა მდგომარეობის მართვა არის შესაძლებელი და ჩვენ გარკვეულწილად ვცხოვრობთ დიდ ზღვაში, ხშირად შეიძლება ტალღამ გადაგვიაროს, მაგრამ ჩვენ ამავდროულად შეგვიძლია ტალღის ზემოთ მოვექცეთ, მთავარია, ტალღებთან ანუ ჩვენს მდგომარეობასთან ერთად ცურვა ვისწავლოთ“, – განმარტავს ნეტგაზეთთან ელენე ქორიძე.

სქრინი პავილიონის კედელზე ასახული ვიდეოდან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პავილიონის პრეზენტაცია “ფაბრიკაში“ შედგა. “ფაბრიკის” შემდეგ ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი თვით განთავსდება, შემდეგი ადგილი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება. ელენე ქორიძე და თამთა ჭელიძე ამბობენ, რომ პროექტი 1 წელიწადს გასტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი