ახალი ამბები

საქართველო “მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022” კონკურსის მასპინძლობის კანდიდატია

10 ოქტომბერი, 2019 • 1243
საქართველო “მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022” კონკურსის მასპინძლობის კანდიდატია

სომელიეთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო ოფიციალურად დასახელდა კანდიდატ ქვეყანად, სადაც შეიძლება ჩატარდეს კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“.

5-8 ოქტომბერს საფრანგეთში, ქალაქ რეიმსში – გაიმართა საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) საიუბილეო, 50-ე გენერალური ასამბლეა, რომლის სხდომაზეც საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა, წარადგინა განაცხადი, რომ კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“ საქართველოში ჩატარდეს.

ასამბლეამ საქართველო კანდიდატ ქვეყანად უკვე ოფიციალურად დაასახელა. საბოლოო ხმის მიცემა 13 დეკემბერს გაიმართება.

როგორც სომელიეთა ასოციაციაში აცხადებენ, მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს გამოსავლენად ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე, 2019 წელს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ჩატარდა, სადაც გერმანიის წარმომადგენელმა, მარკ ალმერტმა, გაიმარჯვა, ხოლო სამეულში დანიისა და ლატვიის წარმომადგენლები მოხვდნენ.

საქართველოს სახელით ამ მსოფლიო დონის კონკურსში იასპარეზა თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულმა, „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2018“- ის გამარჯვებულმა, რესტორან „ქალაქის“  სომელიემ, თამაზ თამაზაშვილმა.

საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია (ASI – „Association de la Sommellerie Internationale”) 1969 წელს საფრანგეთში დაარსდა, კერძოდ, ქ.რეიმსში და აერთიანებს მსოფლიოს 60 ქვეყნის სომელიეთა ასოციაციას. მათი მთავარი მიზანია სომელიეს პროფესიის, ღვინის მოხმარების კულტურის განვითარება, საგანმანათლებლო კურსების და ტრენინგების გამართვა მომავალი სომელიეებისთვის, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და ღვინის მოყვარულებისთვის, ასევე – სომელიეთა საერთაშორისო და კონტინენტალური კონკურსების ორგანიზება.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია 2003 წელს დაარსდა, მისი მიზანია სომელიეს პროფესიის, ღვინის კულტურისა და განათლების განვითარება ქვეყანაში და ქართული ღვინის, როგორც კულტურის, პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით და უცხოეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი