დიმიტრი გაბუნიამ ირაკლი კორძაიას ვადა კვირის ბოლომდე მისცა. გაბუნია ამბობს, რომ ჯანყარაშვილის სახელის ხსენებას ამ საქმეში ზვიად ჯანყარაშვილის პირდაპირ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
“ირაკლი კორძაია პირდაპირ ასახელებს ჯანყარაშვილს და მას აკავშირებს გარკვეულწილად ამ მომხდარ ფაქტთან. თითქოს ის ხელს უშლიდა გამოძიებას. ის ამ დროს იმყოფებოდა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე და, შესაბამისად, ეს ფაქტობრივად ჟურნალისტის მხრიდან არის თანამდებობის პირის დადანაშაულება, რომ ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება და ხელი შეუშალა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას. გვინდა დავაფიქსიროთ ცალსახად, რომ ეს არის სიცრუე”, – განაცხადა ჯანყარაშვილის მეორე ადვოკატმა პაატა სალიამ.
28 მარტს თბილისში საკუთარ სადარბაზოსთან ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანს ესროლეს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხარძიანის ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ მკვლელობის კვალი შესაძლოა გია უდესიანთან მიდიოდეს, რომელთანაც ხარძიანს დავა ქონდა.
ხარძიანის ოჯახის ახლობელმა ირაკლი კორძაიამ “იმედის” ეთერში სტუმრობისას უდესიანის გარდა ლაშა ნაცვლიშვილისა და ჯანყარაშვილი გვარები დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, ხარძიანისთვის ქონების დაბრუნების პროცესს აყოვნებდნენ:
“2012 წელს, როცა გაჩნდა იმედი, რომ ბიზნესმენებს დაუბრონდებოდათ მათი კუთვნილი ქონება, უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში, მართალია, ფარულად, მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარები. ეს გვარები არის ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს. ეს არის ბატონი ჯანყარაშვილი, რომელსაც აქვს პირდაპირი ბიზნეს–ინტერესები ბატონ უდესიანთან,”– თქვა ირაკლი კორძაიამ.
ზვიად ჯანყარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანანდებობას 2014 წლის 5 აპრილამდე იკავებდა. ზვიად ჯანყარაშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია.