“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს. იმედი მაქვს, რომ ამ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ძალიან მალე გასცემს პასუხს ყველა კითხვას”, – აცხადებს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის ამ განცხადების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციამ აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით განმეორებითი განცხადება გააკეთა, სადაც საზოგადოებას დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვაცხადოთ, რომ ბესო ხარძიანის საქმის გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დამნაშავის დადგენა და დასჯა. მომხდარის შესახებ კეთდება ბევრი კომენტარი სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში. გაისმა ბრალდებები მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების ამ საქმესთან შესაძლო კავშირის შესახებ. გვინდა, მოვუწოდოთ ყველას, ბრალდების შემთხვევაში წარმოადგინონ კონკრეტული დოკუმენტური დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ბრალდებები ჩაითვლება საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად. კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებების მოსმენა იმ მთავრობის მიმართ, რომლისთვისაც მთავარ პრიორიტეტს სწორედ სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ბესარიონ ხარძიანს 28 მარტს თბილისში, საკუთარ სადარბაზოსთან ესროლეს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ბესარიონ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით პროკურატურაში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.