“ის, რომ კანონის დაფუძნებით მოვახერხოთ და ვაიძულოთ საზოგადოება პირველ ხანებში, ჩემი აზრითაც ცუდი არ იქნება. სანამ შეეგუება და შეეჩვევა. მე პირადად მხარს დავუჭერდი დიდი სიამოვნებით, ორივე ხელს ავწევ მაღლა. ჩვენც დავეხმაროთ, რაც შეიძლება. მე პირადად, რაც შემიძლია, დავეხმარები”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი აზრით, ქალები პოლიტიკაში ნაკლებად აქტიურად რომ არიან წარმოდგენილი, ეკონომიკური ფაქტორებით არის გამოწვეული. ივანიშვილის განამრტებით, ქალი და კაცი სოფლის მეურნეობის სამუშაოებს თანაბრად ინაწილებდა, თუმცა კაცი უფრო რთულ სამუშაოს იღებდა თავის თავზე. ივანიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაო იარაღები საქართველოში დიდად არ შეცვლილა რეგიონებში დღემდე თოხი რჩება ერთ-ერთ წამყვან ინსტრუმენტად, გონებრივ სამუშაობზე გადასვლა ნელა მიმდინარეობს და სწორედ ამას უკავშირდება ქალის როლიც.
“1905 წელს გურულებმა გამოაცხადეს, რომ გლეხი ქალები არჩევნებში მიიღებდნენ მონაწილეობას. ფინეთმა, რომელიც ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავეა, ერთი წლით გვიან, 1906 წელს შემოიღო ეს. 1918 წელს მენშევიკურმა ხელისუფლებამ შემოიღო ჩვენთან… ნახეთ, ქართველები როგორი წარმატებულები ვიყავით ამ მიმართულებით, 1919 წელს მოხდა იგივე ამერიკაში. ახლა ის, რაც ხდება და რაც ძალიან ბევრს არ მოგვწონს განსაკუთრებით რეგიონებში და ქალაქშიც შეიმჩნევა, რომ ქალები სახლში რჩებიან… იგივე სუფრა… ჩემი აზრით, ქართული სუფრის ფენომენი ყველაზე დიდი აღმოჩენაა. მსოფლიო ცივილიზაციის ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია მე ქართული სუფრა. აქაც კი ქალის როლის ისეა, მამაკაცი ასწრებს სუფრასთან მისვლას და როგორც არის, ისეა. მაგრამ თუ გავიხსენებთ ქართულ ენას და კულტურას, ნახავთ, როგორი მოზომილები ვართ. მეუღლე, მეორე ნახევარი, ეს ძალიან აბალანსებს დამოკიდებულებას. გავიხსენოთ თამარ მეფე. ასეთი კულტურის ხალხს რა გვჭირს დღეს? იგივე ის, რომ ვეფხისტყაოსანში წერია: ლეკვი ლომისა სწორია. იგივე შუშანიკის წაება გავიხსენოთ. თუ ასეთი კულტურა გვქონდა, დღეს რა ხდება? რატომ რჩება ქალების როლის მეორეხარისხოვნად ძალიან ხშირად”, – განაცხადა ივანიშვილმა.





