ახალი ამბები

გლობალურ კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

9 ოქტომბერი, 2019 •
გლობალურ კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

გლობალურ კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა. თუ 2018 წელს ქვეყანა 66-ე ადგილზე იყო, 2019 წელს საქართველო 141 ქვეყანას შორის 74-ე პოზიციაზეა.

გლობალური კონკურენტობის ინდექსი ქვეყნებს ოთხი ძირითადი მიმართულებით აფასებს:

  • ხელსაყრელი გარემო
  • ადამიანური კაპიტალი
  • ბაზარი
  • ინოვაციური ეკოსისტემა

თავის მხრივ ეს ოთხი მიმართულება მოიცავს 12 ინდიკატორს, როგორებიცაა ინსტიტუტები, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ჯანდაცვა, შრომის ბაზარი, ბაზრის ზომა, ინოვაციური შესაძლებლობები და სხვა. 2019 წელს მაკროეკონომიკური სტაბილურობის ნაწილში ქვექნის პოზიცია გაუარესდა, შედეგად ამ მაჩვენებლით საქრათველო 84-ე პოზიციაზეა. მიუხედავად იმისა, რომ ინოვაციურ შესაძლებლობებში ქვეყანას ქულა არ შეცვლია, 2018 წელთან შედარებით ამ კომპონენტში საქართველოს რეიტინგი გაუარესდა.

4.2 ქულით შემცირდა და 87-ე ადგილზე გადაინაცვლა ჯანდაცვის კომპონენტმაც. 0.3 ქულით გაუარესდა შრომის ბაზრის შეფასება 2019 წლის მაჩვენებელში. შედეგად, ქვეყანა ამ კომპონენტში 37-ე პოზიციაზეა. 2018 წელს შრომის ბაზრის მაჩვენებლით საქართველო 31-ე პოზიციაზე იყო.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, რომელსაც განსაზღვრავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ზომავს მაკროეკონომიკური გარემოს ხარისხს, ქვეყნის საჯარო ინსტიტუტების მდგომარეობას და ტექნოლოგიური მზაობის დონეს.

რეიტინგი ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ (სტატისტიკურ) მონაცემებსა (WB, IMF, etc.) და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ პირთა მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს. აღნიშნული ყოველწლიური კვლევა პარტნიორი ინსტიტუტების ხელშეწყობით (სამეცნიერო ინსტიტუტები და ბიზნეს-ორგანიზაციები) ხორციელდება.

კვლევა ახდენს იმ ფაქტორების ანალიზს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ბიზნეს-კლიმატის შექმნისათვის და მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. ის განიხილავს ქვეყნის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ახდენს პრიორიტეტების იდენტიფიცირებას პოლიტიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი