ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბას ინაუგურაციის პარალელურად, სოხუმში ოპოზიცია შეიკრიბა

9 ოქტომბერი, 2019 •
ხაჯიმბას ინაუგურაციის პარალელურად, სოხუმში ოპოზიცია შეიკრიბა

სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია მიმდინარეობს. პარალელურად, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხებული კანდიდატის მხარდამჭერები და გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო სხდომას მართავენ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ხაჯიმბას ინაუგურაციაზე სოხუმში სტუმრები მიიღეს რუსეთიდან, თურქეთიდან, ლიბანიდან, იორდანიიდან, ნიკარაგუიდან, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, მთიანი ყარაბაღიდან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან.

რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია სოხუმში; ფოტო: ნეტგაზეთი, მარიანა კოტოვა

“არჩევნებმა აჩვენა, რომ ჩვენ შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება. ყველა პოლიტიკურ ძალას დიალოგისკენ მოვუწოდებ. ამბიციებზე უარი უნდა თქვან და ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. რუსეთთან სამომავლო დაახლოების ვექტორს კვლავაც შევინარჩუნებთ და ახალი სასარგებლო შინაარსით დავტვირთავთ. სირიის შემდეგ სხვა ქვეყნებიც გვაღიარებენ. ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, ყველა ქვეყანასთან მეგობრობისთვის ღია ვართ”, – აცხადებს ხაჯიმბა ინაუგურაციაზე.

999 ხმით მეტი მიიღო მოქმედმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 სექტემბერს აფხაზეთში გაიმართა.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგებით, რაულ ხაჯიმბამ ამომრჩეველთა ხმების 47,38% მიიღო, მისმა ოპონენტმა ალხას კვიცინიამ კი- 46,19%. “ყველას წინააღმდეგ” ხმა 3154-მა ადამიანმა მისცა. არჩევნების შედეგებს არ ცნობს ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ამჟამად საქმე სააპელაციო სასამართლოშია.

ქართული  მხარე და საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, გამართულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და მათ არც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი