ახალი ამბები

IDFI: კომუნიკაციების კომისიაში პარლამენტარების ნათესავები მუშაობენ

27 მარტი, 2015 •
IDFI: კომუნიკაციების კომისიაში პარლამენტარების ნათესავები მუშაობენ

ორგანიზაციის  მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ანი მიროტაძის ძმის ცოლი, თამარ გოშუა უკვე 2014 წლის თებერვალში GNCC-ს სამართლებრივ დეპარტამენტში არასაშტატო სპეცილისტის პოზიციაზე დაინიშნა. მანამდე თამარ გოშუა საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი იყო. 2011 წლის 6 იანვარს, პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, ანი მიროტაძე დირექტორის თანამდებობაზე სწორედ თამარ გოშუამ შეცვალა. კომპანიის წილი კი საკუთარ ქმარს, ლევან მიროტაძეს გადასცა.

სააგენტო „პირველის“ დირექტორის პოზიცია თამარ გოშუამ 2013 წლის აგვისტოში დატოვა და საკუთარი წილიც გაასხვისა. 2014 წლის თებერვალში კი, GNCC-ში დაიწყო მუშაობა. 6 თვის გასვლის შემდეგ მას კონტრაქტი კომისიაში კიდევ ექვსი თვით გაუგრძელეს, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ის შტატში არ ჩაუსვამთ, მაგრამ 2015 წლის თებერვალში თამარ გოშუას კონტრაქტი კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივეს.

 

თამარ გოშუას მსგავსად, თებერვალში კომისიაში ასევე დაიწყო მუშაობა არჩილ მაკარიძემ, საგამოძებო კომისიის კიდევ ერთი წევრის და პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ტრიპოლსკის სიძემ. ის ტრიპოლსკის შვილის, სალომე ტრიპოლსკის ქმარია. არჩილ მაკარიძეც GNCC-ის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში როგორც არასაშტატო სპეციალისტი, ისე დასაქმდა. ივლისში, 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ, არც არჩილ მაკარიძე გამხდარა კომისიის საშტატო თანამშრომელი, თუმცა, თამარ გოშუასგან განსხვავებით, ის სხვა, ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტში კვლავ არასაშტატო სპეციალისტად გადაიყვანეს.

“სამწუხაროდ, იმის გამო, რომ კომისიიდან მიღებული ინფორმაციით, არასაშტატო პოზიციებზე დასაქმებულებმა უარი თქვეს თავიანთი CV-ების გასაჯაროვებაზე, ჩვენთვის რთულია მსჯელობა იმაზე, თუ რა კვალიფიკაციისა და გამოცდილების არიან ზემოთ დასახელებული პირები. თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტისა და ამავდროულად GNCC-ის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრთა ახლო ნათესავები სწორედ იმ უწყებაში დასაქმდნენ, ვის საქმიანობასაც სწავლობდნენ, ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს”-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მიღებული დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლის 19 მაისს აირჩიეს, ჰყავდა სამი კონსულტანტი – თამარ მელიქიძე, ანა ნაკაშიძე და მერაბ ქათამაძე. მერაბ ქათამაძე მოგვიანებით კომისიის წევრი გახდა და მის მიერ მანამდე დაკავებული კონსულტანტის პოზიცია ახლა ვაკანტურია. კომისიის თავმჯდომარეს ასევე ჰყავდა თანაშემწე თამარ პოპიაშვილი და ორი მრჩეველი – უსაფრთხოების საკითხებში ზაზა მაზმიშვილი, რომელიც ორგანიზაციის განცხადებით, კომისიაში ე.წ. „ოდეერიის“ ფუნქციას ასრულებს, და ფინანსების მიმართულებით მრჩეველი ზურაბ ნონიკაშვილი. ანა ნაკაშიძის გარდა, ყველა მათგანი დასაქმებული იყო, როგორც არასაშტატო სპეცილისტი.

 

“გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც, შტატები იყო არასაჭიროებისამებრ გაზრდილი, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, რომ კომისიის თავმჯდომარეს სჭირდებოდეს 3 კონსულტანტი, 2 მრჩეველი და 1 თანაშემწე”,- აცხადებს ორგანიზაცია.

 

შედარებისთვის, IDFI-ს მიერ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2011 წელს კომისიაში 7 არასაშტატო სპეციალისტი იყო დასაქმებული, მათ შორის 4 მრჩეველი და 3 კონსულტანტი იყო. 2012 წელს არასაშტატო თანამდებობაზე დასაქმებულთა რაოდენობა სამამდე შემცირდა და მხოლოდ ორი მრჩეველი და ერთი კონსულტანტი დარჩა. ეს რაოდენობა არ შეცვლილა 2013 წელსაც. 2014 წელს მხოლოდ ზურაბ ნონიკაშვილმა შეინარჩუნა მრჩევლის პოზიცია, თუმცა 2015 წლის იანვარში ისიც საფინანსო დეპარტამენტში გადაიყვანეს, როგორც არასაშტატო სპეციალისტი. 2014 წელს, ჯამში, არასაშტატო თანამდებობაზე 10 პირი დაინიშნა.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე ინიშნება კონკრეტული დავალების შესრულების ვადით. ეს ვადა მარეგულირებელ ორგანოში ხშირ შემთხვევაში ერთ წელზე მეტხანს გრძელდება. დღეს GNCC-ში არასაშტატო სპეციალისტად დასაქმებული პირების უმრავლესობა 2014 წლის დასაწყისში დაინიშნა. ზაზა მაზმიშვილი კი კომისიაში არასაშტატო მრჩევლის პოსტს 2013 წლის მაისიდან იკავებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები გამოვლინდა  GNCC-სთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის დაკომპლექტების პროცესშიც.  თამთა ტეფნაძე საზოგადოებრივ დამცველად 2014 წლის თებერვალში აირჩიეს. ის მანამდე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მუშაობდა. სწორედ ამ კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ კომისიას.  საზოგადოებრივმა დამცველმა საკუთარ თანაშემწედ დანიშნა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის შვილი გიორგი ხუნდაძე, რომელსაც მანამდე მუშაობის მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილება ჰქონდა სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგში“, სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის კოორდინატორის მოვალეობას ასრულებდა.

2015 წლის თებერვალში თამთა ტეფნაძემ თანაშემწედ უკვე საკუთარი მეჯვარე, ნათია ფანგანი დანიშნა. საზოგადოებრივი დამცველის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მას ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, კერძოდ, 2009-2010 წლებში ის სამშენებლო კომპანიაში „ალიონი 99“ იურისტის თანაშემწედ მუშაობდა.

“ამავე დროს, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე დღის შემდეგ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში არასაშტატო სპეციალისტად თამთა ტეფნაძემ დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ძმის შვილიშვილი, ირინა ტყემალაძე დანიშნა, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტია”,-ნათქვამია განცხადებაში.

 

საერთო ჯამში, 2012 წლიდან დღემდე კომისიაში 51 ახალი თანამშრომელი მიიღეს, 23 კი გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ან კონტრაქტის ვადის ამოწურვა, ან სამსახურიდან წასვლის საკუთარი სურვილი იყო.

 

IDFI-ის უშუალო ჩართულობით (IDFI მარეგულირებელ ორგანოებში კორუფციის პრევენციის სამუშაო ჯგუფის თანამომხსენებელია) და რეკომენდაციებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად გარკვეული ვალდებულებები გაიწერა 2015-2016 წლების ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაში, ხოლო მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელები გახდნენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს წევრები. ორგანიზაციის  მიერ კომისიაში დასაქმების კუთხით აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის და პრევენციის, გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად და ნეპოტიზმის თავიდან ასაცილებლად, IDFI მიიჩნევს, რომ საჭიროა:

• კომისიის აპარატის, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში როგორც საშტატო, ისე არასაშტატო კადრების მიღება მოხდეს გამჭვირვალე პროცესით;

• საჯაროდ გამოცხადდეს ვაკანსიები, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი სამუშაოს აღწერა;

• კონკურსში მონაწილეობის საშუალება მიეცეს ყველა დაინტერესებულ პირს, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის გაზრდას და ამა თუ იმ პოზიციაზე მაღალპროფესიონალი კადრების შერჩევას;

• კომისიამ უნდა განსაზღვროს აპარატში არასაშტატო სპეციალისტთა კვოტა იმისათვის, რომ შეზღუდული იყოს აპარატის კადრების არამიზნობრივი გაზრდა;

• კომისიის თავმჯდომარემ არაერთხელ განაცხადა, რომ იგეგმება კომისიის აპარატის რეორგანიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დაიწყოს დროულად და წარიმართოს გამჭვირვალედ, რათა მოხდეს კომისიის აპარატის ეფექტიანი ფორმირება. ამგვარი რეფორმა აუცილებელია ქმედითი კომისიის მისაღებად, რომელიც ნაკლებად იქნება დაკავშირებული თანამშრომლობით რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი