კონკურსის მონაწილეებმა მობილური ტელეფონის გამოყენებით უნდა გადაიღონ მაქსიმუმ 3-წუთიანი ფილმი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რომელიმე პროექტისა და მისი გავლენის შესახებ. ფილმები უნდა იყოს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე ან საერთოდ დიალოგის გარეშე; როგორც ჯგუფის “ერთად შევეგებოთ ევროპას” ექსპერტი კულტურის საკითხებში ნინო ძანძავა ამბობს, კონკურსანტები შეზღუდული არ არიან და ვიდეოს გადაღების ტექნიკა მთლიანად მათ შემოქმედებით უნარზეა დამოკიდებული.
“ფილმი უნდა იყოს ინფორმატიული ხასიათის და მაყურებელს აძლევდეს საშუალებას გაიგოს უფრო მეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რომელიმე პროექტის შესახებ. მობილური ყველასათვის ხელმისაწვდომია და ფილმის გადაღება შედარებით უფრო ადვილი ხდება. ამიტომ გადაწყდა, რომ კონკურსი მობილურით გადაღებულ ფილმებზე გამოცხადებულიყო,” – ამბობს ნინო ძანძავა.
თითო კონკურსანტს ეძლევა მხოლოდ ერთი ფილმის წარდგენის უფლება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჯგუფებსაც, მაგრამ მათი განაცხადი მიიღება როგორც ერთი კანდიდატის ნამუშევარი.
ივნისის დასაწყისში სამი წევრისაგან შემდგარი ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს. პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა iPhone 5, მეორეს -iPad და მესამე ადგილზე გასული ციფრული კამერით დაჯილდოვდება. ჟიური წევრების ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა, როგორც “ერთად შევეგებოთ ევროპას” ჯგუფის წევრები ამბობენ, ჟიურის წევრებს შორის იქნებიან ჟურნალისტები და კინოკრიტიკოსი.
“ევროკავშირი მოხარულია, რომ უკვე მეოთხედ გვაქვს საშუალება გავხსნათ ეს კონკურსი. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდობა იყოს ჩართული საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ხედავენ ისინი ჩვენს პროექტებს და იმედი გვაქვს, რომ ახალი კუთხიდან წარმოაჩენენ პრობლემებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ახალგაზდრობა კონკურსის დახმარებით უკეთ გაეცნობა ჩვენს საქმიანობას,” – ამბობს ბორის იაროსევიჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე.
საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით ამჟამად ორმოცამდე პროექტი მიმდინაროებს. მათი სრული სიის ნახვა და საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება მონაწილეობის მსურველებს შეეძლებათ შემდეგ ვებზე: www.eu3min.ge შეუძლიათ.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, პროექტში ჩართულობა ყოველ წელს იზრდება და სამინისტრო ევროკავშირთან თანამშრომლობით მომავალშიც შესთავაზებს ახალგარზდებს ახალ პროექტებს.
“ერთად შევეგებოთ ევროპას” არის ევროკავშირის პროექტი, რომელიც მეოთხე წელია არსებობს. პროექტის ფარგლებში იმართება შემეცნებითი და კულტურული ღონიძიებები. მისი მთავარი მიზანი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების უკეთ გაცნობაა.