ახალი ამბები

კალაძე: ტაქსის გაძვირებაზე ინფორმაციას ფბ-ზე ხშირად ოპონენტები ავრცელებდნენ

8 ოქტომბერი, 2019 • 981
კალაძე: ტაქსის გაძვირებაზე ინფორმაციას ფბ-ზე ხშირად ოპონენტები ავრცელებდნენ

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რეფორმის შედეგად ტაქსით მგზავრობის გაძვირება “პირველი დღის ეფექტი” იყო და ეს ტენდენცია არ შენარჩუნებულა.

“მახსენდება, როცა ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, აჭარაში მოხდა მძიმე დაზიანება და ყველაფერი გაითიშა. 3-ჯერ, 5-ჯერ გაზრდილი იყო სანთლის ფასი. იგივე მოხდა ტაქსებთან მიმართებაში”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პირველ დღეს A კატეგორიაში დარეგისტრირებული იყო 2 000-მდე ტაქსის მძღოლი, დღეს ეს რაოდენობა 7 500-ს აღწევს და ყოველდღიურად იზრდება.

“ასე რომ, [ტაქსით მგზავრობა] არ გაძვირდება, რა თქმა უნდა. დაბალანსდება. ჩვენ, სხვათა შორის, მოვთხოვეთ განმარტებების გაკეთება “ბოლტს” და “ტაქსიფაის”. მათ თავიანთი სტატისტიკაც წარმოადგინეს. აჩვენეს, რომ იყო გაძვირება, როდესაც უცებ შემცირდა ტაქსები ბაზარზე. აპლიკაცია ამას თვითონ არეგულირებს. მაგრამ ეს ზოგადად ასე ხდება, როცა მოთხოვნა გაზრდილია. მათ განმარტებები გააკეთეს. დღეს შეფასებების გაკეთება რთულია, დაველოდოთ. ხშირ შემთხვევაში ოპონენტების მხრიდან ხდება ეს, ყველა კახა კალაძის ან “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ხომ არ არის ამ ქალაქში… არიან ადამიანები, ვისაც სხვა მოსაზრებები აქვთ. ასეთ ადამიანებს ჩვენ ვაწყდებოდით სოციალურ ქსელში, ამბობდნენ, რომ აი, თეთრი ტაქსი გავაჩერე და თუ ვიხდიდი რეფორმამდე 5 ლარს, დღეს გადამხდევინა 15 ლარი. როგორ უნდა დაამტკიცო ეს? არ მჯერა… მჯერა, რომ პირველ დღეებში იყოს ამის პრობლემა, მაგრამ ტენდენცია დარეგულირდება”, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ არავის მისცემს ტაქსების რეფორმის სათავისოდ გამოყენების შესაძლებლობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი