ახალი ამბები

ჯიშკარიანისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერება ალბათ კარგი იქნებოდა – კალაძე

8 ოქტომბერი, 2019 • 931
ჯიშკარიანისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერება ალბათ კარგი იქნებოდა – კალაძე

თბილისის მერ კახა კალაძის აზრით, კარგი იქნებოდა, გამოძიების პერიოდში საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს დროებით შეჩერებოდა უფლებამოსილება, თუმცა კანონი ამის საშუალებას არ იძლევა.

“ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ თბილისის მერს ჰკითხა, ხომ არ ჯობდა,  ილია ჯიშკარიანისთვის დროებით შეეჩერებინათ დეპუტატის სტატუსი, საზოგადოებას გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვები რომ არ გასჩენოდა.

“ალბათ, კარგი იქნებოდა, თუმცა, თუ შევხედავთ კანონის თვალსაზრისით, კანონი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მას დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს უნდა იყოს მისი მხრიდან მიღებული და აქ დროებით შეჩერებაზე არ არის საუბარი – კანონში პირდაპირ გაწერილია, მაშინ მან უნდა დატოვოს მანდატი. ის არის არჩეული დეპუტატი, მაჟორიტარი ისნის რაიონში. თუ იმის შესაძლებლობა იქნებოდა, რომ დროებით შეჩერებოდა… ამის ბერკეტი არ არსებობს”, – განაცხადა კალაძემ.

“ვფიქრობ, ჯერ არ უნდა დატოვოს, რადგან ეს შეიძლება, იყოს არასწორი ინფორმაცია, ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას”, – პირველი არხის ინფორმაციით, ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა 6 ოქტომბერს საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანთან დაკავშირებით, რომელსაც გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი