ახალი ამბები

ადვოკატები: პროკურატურამ “კაბელების საქმეზე” ცარიელ ოქმზე ხელის მოწერა მოგვთხოვა

27 მარტი, 2015 •
ადვოკატები: პროკურატურამ “კაბელების საქმეზე” ცარიელ ოქმზე ხელის მოწერა მოგვთხოვა

ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, პროკურატურამ სთხოვა, რომ ცარიელ ოქმზე მოეწერა ხელი.

 

“დღეს დილას, რვა საათისთვის, მე და სოსო ბარათშვილს გვირეკავს პროკურორი და გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გამოვცხადდეთ მასთან დაახლოებით ნახევარ საათში. ჩვენ ვუთხარით, რომ პრობლემა არ იქნებოდა გამოცხადების მათთან, ვიბარებდით მტკიცებულებებს და მივიდოდით. ასევე გვითხრა, რომ ჩვენ მტკიცებულებებს ვერ გადმოგცემთო, უბრალოდ, ოქმზე მოგვიწერეთ ხელი, რომ ვითომ მივიღეთ მტკიცებულებები. ეს არის ჯერ ერთი ჩვენი შეურაცხყოფა – რას ჰქვია ოქმზე მოვუწეროთ ხელი, რომ ვითომ მივიღეთ მტკიცებულებები?! ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან ეს იქნებოდა სრული უკანონობა, არ შეიძლება მსგავსი რამის გაკეთება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთი საათის განმავლობაში ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში ველოდებით პროკურორებს. მზად ვართ ჩავიბაროთ მათი მტკიცებულებები და, შესაბამისად, შევადაროთ ოქმს. მათ იციან ჩვენი ოფისი. ნებისმიერ დროს, როდესაც უნდათ, შეუძლიათ მოვიდნენ, მზად ვართ ჩავიბაროთ მტკიცებულებები”, – განაცხადა სამუშიამ.

 

ადვოკატის თქმით, პროკურატურა არ არის მზად სასამართლო პროცესისათვის, რადგან მათ გუშინ დანიშნეს ექსპერტიზა ბრალდების იმ ნაწილში, რაშიც ედავებიან მისი დაცვის ქვეშ მყოფებს.

 

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ საჭიროა შედარდეს მათი ხელმოწერები იმ ოქმებზე არსებულ ხელმოწერებს, რომლებიც დაცვის მხარისთვის არის გადაცემული.

 

“თურმე ცარიელ ოქმზე უნდა მოვაწერო ხელი, გუშინაც და დღესაც ვუთხარი, რომ დანარჩენი მასალები თურმე ადრე გვაქვს გადმოცემული და ამის იდენტიფიცირება რომ მოხდეს, მასალები გვაქვს თუ არა გადმოცემული, აუცილებელია შედარდეს ჩვენი ხელმოწერები იმ ოქმებზე, როდესაც ვიბარებდით იმ მასალებს. ამაზე პროკურორმა უარი განაცხადა. მითხრა, რომ ისინი წავლენ ბარლდებულებთან და ისინი მოაწერინებენ ხელს. ვფიქრობ, რომ ეს არის კანონდარღევვა და ამაზე ცალკე გვექნება საუბარი”, – ამბობს ბარათაშვილი.

 

ადვოკატებმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთარი მტკიცებულებები შეიტანეს.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

კომპანია სილქნეტმა განცხადებაში დაადასტურა, რომ მათ 2013 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის განხორციელების თაობაზე, თუმცა, მათი განცხადებით, ტენდერის ყველა ეტაპზე სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან.

თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი