საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2013 წელს თამარ კ.-მ, იოსებ მ.-სთან ერთად, იტალიიდან ავტომობილების საქართველოში იმპორტის მიზნით დააფუძნა შპს „იტალავტო“.
“კომპანიის დამფუძნებლები თაღლითური განზრახვით კლიენტებს სთავაზობდნენ შემცირებულ ფასებს, მოსალაპარაკებლად იყენებდნენ კომერციულად მოსახერხებელ საშუალებას და მეტი სანდოობისთვის SKYPE-ის საშუალებით ახორციელებდნენ იტალიაში არსებული ავტომობილების საქართველოში პოტენციური მყიდველებისათვის ჩვენებას. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე თამარ კობერიძემ და მისმა თანამზრახველმა იოსებ მეზვრიშვილმა გააფორმეს საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება 21 კლიენტთან და თაღლითურად მიითვისეს დაახლოებით 180 000 ევროს ოდენობის თანხა, რის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
შსს-ს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ აღნიშნული პიროვნებები წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში 2015 წლის 10 მარტს გამოცხადდნენ. ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ხსენებული პიროვნებები იტალიაში იმყოფებოდნენ.
ამჟამად დაკავებულების მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები. მათ ბრალად ედებათ სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.