ახალი ამბები

რატომ არ ანიჭებენ მომიტინგეებს დაზარალებულის სტატუსს – სულხან სალაძე

8 ოქტომბერი, 2019 • 932
რატომ არ ანიჭებენ მომიტინგეებს დაზარალებულის სტატუსს – სულხან სალაძე

ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმდჯომარის, სულხან სალაძის თქმით, ის ფაქტი, რომ 20-21 ივნისის ღამეს 187 დაშავებული სამოქალაქო პირიდან მხოლოდ 4-ს აქვს დაზარალებულის სტატუსი, შესაძლოა, მეტყველებდეს იმაზე, რომ გამოძიებას უბრალოდ არ უნდა მათთვის სტატუსის მინიჭება.

სალაძე განმარტავს, რომ სტატუსის მინიჭებით ადამიანებს გამოძიების მასალების ნახვის საშუალება ეძლევათ, ეს კი ხელისუფლებას, შესაძლოა, დამატებით უხერხულობას უქმნიდეს.

“ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ კვლევაზე, რომელსაც ნოემბერში გამოვაქვეყნებთ, თუმცა შეგვიძლია უკვე გარკვეულ ციფრებზე ვისაუბროთ. ოფიციალური ინფორმციით, რაც მიღებული გვაქვს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან, 20-21 ივნისის ღამეს 275-მა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, 187 იყო სამოქალაქო პირი, 73 იყო შსს-ს თანამშრომელი, ჟურნალისტი იყო 15, თუმცა ეს რიცხვი, ვიცი, რომ ბევრად უფრო დიდი იყო.

აქ საინტერესო ის არის, რომ როდესაც 73 სამართალდამცველზე საუბრობს შესაბამისი ორგანო, რომ მათ მიიღეს ჯანრმთელობის დაზიანება, ჩვენი ინფორმაციით, მათგან 67 პირი არის დაზარალებულად ცნობილი. სტატისტიკას თუ შევხედავთ, სამართალდამცველების დაახლოებით 90%  დღეს დაზარალებულად უკვე ცნობილია. მაშინ, როდესაც 187 სამოქალაქო პირიდან (და აქ არ შედის, როგორც გითხარით, მედიის წარმომადგენლები) ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ 4 პირი არის დაზარალებულად ცნობილი“,- ამბობს სალაძე.

სალაძე ასევე განმარტავს, რომ როდესაც პრემიერი საუბრობს პროცედურების საჭიროებაზე, რომელიც დაზარალებულის სტატუსის მინიჭებამდე უნდა იყოს გავლილი, მაშინ უნდა დაისვას შემდეგი კითხვები – “როგორ და რატომ მოხდა ასე სწრაფად 67 სამართალდამცავის შემთხვევაში ამ პროცესის გავლა და რატომ გართულდა სამოქალაქო პირების შემთხვევაში ამ სტატუსის მინიჭება?“

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საუბარი პროცესის სირთულეზე ვერ იქნება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაშიც კი სამართალდამცველებისთვის და სამოქალაქო პირებისთვის სირთულე თანაბარი უნდა ყოფილიყო.

“შეიძლება ვისაუბროთ და ვივარაუდოთ, რომ მაინცდამაინც დიდად არ სურს ხელისუფლებასა და გამოძიებას ადამიანებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი. ამის მიზეზი კი, ჩემი აზრით, არის შემდეგი: სტატუსი იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანებს უფრო მეტი წვდომა ჰქონდათ გამოძიებასთან – ვთქვათ, რა ეტაპზეა ახლა ის და ასევე გაეცნონ საქმის მასალებს.

სავარაუდოდ, სწორედ ეს არ უნდა გამოძიებას – რომ დამიანებმა უფრო მეტი გაიგონ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ სტატუსი მიენიჭა ადამიანს და აღმოჩნდა, რომ 3 თვის განმარვლობაში ბევრი არაფერია გაკეთებული იმის დასადგენად, თუ რატომ და როგორ მიიღო დაზიანება მშვიდობიანმა მოქალაქემ აქციაზე –  ცხადია, ადრე თუ გვიან ის იტყვის ამის შესახებ მედიასთან, საზოგადოებასთან და  ეს შეუქმნის დამატებით უხერხულობას შემდგომში გამოძიებას. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ამ პასუხისმგებლობას ხელისუფლება ვერ გაექცევა და ადრე თუ გვიან მოუწევს ამ ადამიანების, ყოველ შემთხვევაში, მათი დიდი ნაწილის დაზარალებულად ცნობა“, – ამბობს სალაძე.

 

20-21 ივნისის საქმეზე უფრო მეტი სამართალდამცველია დაზარალებულად ცნობილი, ვიდრე მოქალაქე. საია-ს მიერ პროკურატურისგან გამოთხოვნილი ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის დაზარალებულად ცნეს 67 სამართალდამცველი და 4 მოქალაქე.

დაზარალებულებს შორის ჯერჯერობით არ არიან მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომლებმაც აქციაზე თვალი დაკარგეს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაზარალებულად არც 20 ივნისს დაშავებული ფოტოგრაფი გურამ მურადოვი და ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი უცვნიათ. შესაბამისი სტატუსი არც ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანს მიუღია.

20/21 ივნისის მოვლენებიდან 3 თვეზეა მეტია გასული.

“დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და, როგორც ვიცი, მაკო გომურთან მიმართებით ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი“, – ამბობს პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც აქციის დარბევისას შს მინისტრი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი