“მათი კითხვები, როგორც წესი, იყო სულელური. მეკითხებოდნენ, რატომ არ მაქვს თან მობილური ტელეფონი, მაქვს თუ არა სურვილი, რომ ის დაათვალიერონ და ალბათ შიგ ჩიპი ჩადონ და ა.შ. სხვა მხრივ, რაიმე სერიოზული დაინტერესება გამოძიებას არ ჰქონია. ერთი რამე ჩანდა აშკარად, იმ დავალების მიხედვით, რომელიც მიიღეს ტელევიზორიდან იმ ბიჭისგან, რომელიც დღეს საოცრებებს აფრქვევდა პრესკონფერენციაზე, იმის მიხედვით ცდილობენ მიუსადაგონ საქმე რამენაირად მის დავალებას”, – განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ დაკითხვის შემდეგ.
მისივე თქმით, მან გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.
“გამოძიებას ჩემი სურვილით მივაწოდე მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია იმ მრავალჯერადი კანონდარღვევებისა, რომლებშიც მონაწილეობენ უმაღლესი სახელმწიფო პირები, პოლიციის ხელმძღვანელები, ქურდულ სამყაროსთან შერწყმაში. ეს ინფორმაცია მათ უკვე გააჩნიათ და კეთილი უნდა ინებონ და ამ საქმეებზე ცალკე უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება.”
თარგამაძე ამბობს, რომ საუბარია პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსზე, ყოფილი შს მინისტრის დაცვის უფროსზე, აჭარის საპატრულო სამსახურის ყოფილი უფროსზე, აჭარის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსზე, მათი ზოგ მოადგილეზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსზე.
“და ვიცეპრემიერი კახი კალაძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ამ ყველაფერში. პრაქტიკულად შიეძლება ვთქვათ, რომ მთელი უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობა ქურდულ- სახელმწიფო- სახელისუფლებო- პოლიციური სისტემის ჩამოყალიბებიშია ჩართული”.
შსს-მ 19 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დადგინდა იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმავე დღეს მიმართა პროკურატურას და შსს-ს, გამოძიონ დეპუტატ გივი თარგამაძისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელ რუსლან ბაზიაშვილს შორის თანამშრომლობის საქმე, რისთვისაც შსს-ს გენინსპექციამ ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა.