ახალი ამბები

მინდია ჯანელიძე: პრინციპული წინააღმდეგობა იმაზე, რაზეც ხელს აწერდა ალასანია, არ ყოფილა

26 მარტი, 2015 •
მინდია ჯანელიძე: პრინციპული წინააღმდეგობა იმაზე, რაზეც ხელს აწერდა ალასანია, არ ყოფილა

“არ ვიცი, რა ხელშეკრულებაზე საუბრობთ, მსგავსი ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს და ამ შეკითხვასთან დაკავშირებით მე გთხოვთ თქვენ – ჟურნალისტებს, რომ იქნებ დააზუსტოთ ბატონ ალასანიასთან, რას გულისხმობს. ამის მერე გავაკეთებ კომენტარს, თუმცა ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ჭორაობის საგანი გახდა ე.წ. ხელშეკრულება, რომელიც არ არსებობს. სინამდვილეში საუბარია განზრახულობათა წერილზე, შესაბამისად, ამაზე ხელმოწერა უკვე განხოციელებულია”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომელიც ირაკლი ალასანიას განცხადებას ეხება, თითქოს საფრანგეთში ვიზიტის დროს, როცა მას თავდაცვითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერა ხელი, დაურეკა მინდია ჯანელიძემ და ხელმოწერაზე უარის თქმა მოსთხოვა.

 

“როცა განცხადებას აკეთებს პოლიტიკური ფიგურა, საჭიროა ამ განცხადებაში იყოს უფრო მეტი სიცხადე, უფრო მეტი სიზუსტე. ეს განცხადება იყო არაზუსტი და არაკორექტული. სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა, მაგრამ ეს სატელეფონო საუბარი ეხებოდა იმას, რომ პროცედურები, რა პროცედურებიც საჭიროა, რომ დაცული იქნას საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერის დროს, ყოფილიყო დაცული. ეს იყო და ეს. არანაირი პრინციპული წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რაზეც ხელს აწრდა ალასანია, არ ყოფილა.

 

არსებობს დადგენილი პროცედურები, რისი გავლაც აუცილებელია, რომ მინისტრმა ხელი მოაწეროს საერთაშორისო შეთანხმებას. ცოტა უხერხულია ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი იმიტომ, რომ მთავრობის წევრებს შორის ტექნიკურ საკითხებზე საუბარი როცა საჯარო დისკუსიის საგანი ხდება, ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი. საქმე ეხება თან ისეთ სფეროს, როგორიც არის თავდაცვის სფერო. დამიჯერეთ, რომ მსგავსი დისკუსიები თავდაცვის ინტერესებში ნამდვილად არ შედის”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პროცედურები სრულყოფილად არ იყო დაცული, რომ ალასანიას მხრიდან ხელმოწერა განხორციელებულიყო.

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას განცხადების საპასუხოდ დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე, რასაც ასევე გამოეხმაურა ალასანია და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და სპეკულაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი